ამ ქვეყანაზე ვერავინ დაასაბუთებს იმას, რომ გაუმჭვირვალობა სჯობს გამჭვირვალობას, ვერაფრით ასაბუთებენ, რატომ არის კარგი, რომ ერთსქესიანმა წყვილმა შვილად აიყვანოს არასრულწლოვანი

ამ ქვეყანაზე ვერავინ დაასაბუთებს იმას, რომ გაუმჭვირვალობა სჯობს გამჭვირვალობას, ვერაფრით ასაბუთებენ, რატომ არის კარგი, რომ ერთსქესიანმა წყვილმა შვილად აიყვანოს არასრულწლოვანი

ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ევროკავშირის აბსოლუტურად უკლებლივ ყველა გონივრული მოთხოვნა, უნდა დაგვისაბუთონ, რომ მოთხოვნები არის გონივრული და ყველას შევასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დოკუმენტი სათანადო ვადებში შედგენილია და უკვე გადაგზავნილია ევროკავშირში.

რაც შეეხება 31 აგვისტოს და ჩვენს პასუხს ევროკავშირის მიმართ, დოკუმენტი შედგენილია, გაგზავნილია ევროკავშირში. რაც შეეხება მის გასაჯაროებას, არ ვიცით, ვნახოთ, როგორია პროცედურები, გასაჯაროებაც შესაძლებელია ამ დოკუმენტის, თუმცა პირველ რიგში, ჩვენ ვიყავით ვალდებული, ეს დოკუმენტი გაგვესაჯაროებინა ევროკავშირისთვის და ეს გავაკეთეთ სათანადო ვადებში, დაველოდებით ევროკავშირის პასუხს. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ აბსოლუტურად უკლებლივ ყველა გონივრული მოთხოვნა უნდა დაგვისაბუთონ, რომ მოთხოვნები არის გონივრული და ყველას შევასრულებთ. იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც იყო გონივრული და თავიდან ბოლომდე შევასრულეთ. იყო არაგონივრული მოთხოვნები, ვერ დაგვისაბუთეს რატომ ითხოვდნენ ამ ყველაფერს, მათ შორის იგივე ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით კანონის შესახებ რა მოთხოვნებიც ჰქონდათ, იგივე გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით რა მოთხოვნებიც ჰქონდათ. ვერ ასაბუთებენ, რატომ არის გაუმჭვირვალობა კარგი. ვერაფრით ვერ ასაბუთებენ, ან რატომ არის კარგი ის, რომ ერთსქესიანმა წყვილმა აიყვანოს შვილად არასრულწლოვანი. დაასაბუთონ, ამასაც შევასრულებთ. ისინი ითხოვენ იმ კანონის გაუქმებას, სადაც წერია, რომ არ შეიძლება მაგალითად ერთნაირსქესიანმა წყვილმა აიყვანოს არასრულწლოვანი ბავშვი - რატომ ითხოვენ ამის გაუქმებას - დაგვისაბუთონ, დაასაბუთებენ - გვექნება რეაქცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ყველაფერი საჭიროებს პრევენციას, უმძიმესი ტენდენციებია ევროპულ ქვეყნებში და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შესაბამისმა ძალებმა საბერძნეთშიც მოახერხეს.

ეს არის ძალიან მძიმე ტენდეციები და ჩვენ პრევენციულად უნდა ვიმოქმედოთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ეს არის სერიოზული პრობლემა. სტატისტიკაზე აისახება ეს ყველაფერი, სხვადასხვა ქვეყანაში მდგომარეობაზე აისახება ეს ყველაფერი. ჩვენ პრევენციულად უნდა დავუპირისპირდეთ ასეთ მოვლენებს და ასეთ სამომავლო მოთხოვნებს. სწორედ ამას ემსახურებოდა ეს კანონი. იგივე ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ" კანონს. ვერავინ ამ ქვეყანაზე ვერ დაასაბუთებს იმას, რომ გაუმჭვირვალობა სჯობს გამჭვირვალობას. უბრალოდ შეუძლებელია ამის დასაბუთება, დაასაბუთონ, კი ბატონო, მაგრამ დღემდე ვერავინ მოახერხა ამის დასაბუთება.

პრინციპულად არის ორი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია - ეს არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა უფლებების თემა და ეს არის გამჭვირვალობის თემა. ყველაფერი დანარჩენი არის ნაკლებად პრინციპული საკითხები ჩვენთვის, შესაბამისად, მზად ვართ ყველანაირი მსჯელობისთვის. რაც შეეხება ამ ორ კანონს, აქაც ვამბობთ, რომ დაგვისაბუთონ, რა და რატომ არ მოსწონთ, მაგრამ არაფერზე გვესაუბრებიან, საბჭოური მეთოდებით უნდათ, რომ ხელები გადაგვიგრიხონ და გვაიძულონ, რაც აბსოლუტურად არასწორია. გვესაუბრონ ყველაფერზე, დაგვისაბუთონ, დაგვაჯერონ, მაგრამ როცა არც გესაუბრებიან და ცდილობენ, ხელი გადაგიგრიხონ, ეს არ არის ევროპული მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.