"ბიბისის" ჟურნალისტებმა 24-საათიანი გაფიცვა დაიწყეს

ინგლისის სხვადასხვა ქალაქებში ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია "ბიბისის" ჟურნალისტებმა 24-საათიანი გაფიცვა დაიწყეს.
როგროც "გარდიანი" წერს, ჟურნალისტები სამუშაო ადგილების შემცირებას აპროტესტებენ.

გამოცემის ინფორმაციით, გაფიცული ჟურნალისტები სამსახურებრივ მოვალეობას 24 საათის განმავლობაში არ შეასრულებენ.

"ჟურნალისტთა ნაციონალური კავშირის" ცნობით, "ბიბისი" კადრების შემცირებას გეგმავს რამდენიმე გადაცემაში, მათ შორის, საერთაშორისო სამსახურში, Five Live-ში, Asian Network-ში, Newsbeat-ში.

"ბიბისის" ხელმძღვანელობის განცხადებით, კადრების შემცირება ხარჯების შემცირების მიზნით ხდება, რომელიც 5 წელიწადზეა გათვლილი. ამ პერიოდის განმავლობაში კორპორაცია ორი ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს.

2004 წლის შემდეგ "ბიბისი"-ში უკვე შეამცირეს 7 ათასი თანამშრომელი.