შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრაცია პირველ მარტამდე გაგრძელდება

შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრაცია პირველ მარტამდე გაგრძელდება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაცია უკვე დაიწყო. პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს რეგისტრაცია პირველ მარტამდე შეუძლიათ.

ცესკო-ს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, პარტიამ ან საარჩევნო ბლოკმა, რომელიც ცესკო-ში რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკო-ს თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს. ხოლო პარტიამ, რომელსაც არ აქვს საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, უნდა მიმართოს ცესკო-ს თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით და განცხადების მიღებისთანავე (პარლამენტში წარმომადგენლის არყოლის შემთხვევაში) მას გადაეცემა პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში.
საინიციატივო ჯგუფს ნაძალადევის რაიონში სულ მცირე 1403, ბაღდათში 234, ხოლო სამტრედიაში 483 მხარდაჭერის ხელმოწერა დასჭირდება.

პოლიტიკურ პარტიასა და ბლოკს შუალედურ არჩევნებში შეუძლია, შეინარჩუნოს ის რიგითი ნომერი, რომელიც მიენიჭა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს. თუმცა ასევე უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ რიგით ნომერზე, რომლითაც იგი მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს კენჭისყრამდე არა უ გვიანეს 30 დღისა. ასეთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 119-ე მუხლით დადგენილი წესით წილისყრაში მონაწილეობის გზით, იმ პირობით, რომ წილისყრაში არ გათამაშდება ის რიგითი ნომერი, რომლის გამოყენებაზეც საარჩევნო სუბიექტმა უარი განაცხადა.

№9 ნაძალადევის, №52 ბაღდათისა და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას ცესკო თავის ვებგვერდზე 20 თებერვალს გამოაქვეყნებს.

შუალედური არჩევნების 27 აპრილს დანიშვნის შესახებ განკარგულება ცესკო-მ 15 თებერვალს მიიღო. 27 აპრილს არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში გაიმართება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო, ამ ოლქებში მაჟორიტარის უფლებამოსილება შეუჩერდათ - თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და არჩილ კბილაშვილს.