პარლამენტში ხვალ საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით უმცირესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ

პარლამენტში ხვალ საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით უმცირესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ

საკანონმდებლო ორგანოში ხვალ საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ .

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის საკანონმდებლო ინიციატივას საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის, ასევე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. დეპუტატების წინაშე მოხსენებით თავად გიორგი ბარამიძე წარსდგება.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული პროექტით, საქართველო განუხრელად გააგრძელებს სწრაფვას ჩრდილოატლანტიკური თანამშროლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის. გარდა ამისა, პროექტით, უცვლელი რჩება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკა.

კანონპროექტის მიზანია, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ქვეყნის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და კურსის უცვლელობა კანონის ძალით დადასტურდეს. ამასთან, საქართველო არასოდეს გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციებში, სადაც ოკუპანტი რუსეთის ფედერაცია - დომინანტი ქვეყანაა.

კანონპროექტით იკრძალება, რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთების საქართველოში განლაგება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა.
ამასთან, "ნაციონალების" აზრით, ასევე კანონით უნდა აიკრძალოს, საქართველოში იმ ქვეყნის სამხედრო ბაზის განლაგება, რომელსაც ქვეყნის ნებისმიერი ტერიტორია ოკუპირებული აქვს.
ამავდროულად, მომზადებული კანონპროექტით, საქართველო ინარჩუნებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ისწრაფვის დეოკუპაციის პროცესის დასაჩქარებლად.
ამავე კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ არასდროს უნდა აღიაროს აფხაზეთისა და ცვინვალის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამავდროულად, საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.