რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის 1 მარტის შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა სოჭის ოლიმპიადის საკითხი იქნება.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
"ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ, ჩვენ მის ბოიკოტირებას არ ვაპირებთ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, "ქართული გუნდისთვის აუცილებელია გარკვეული პირობების შექმნა, რამდენადაც ოლიმპიადა ტარდება იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს".
"არსებობს სხვა საკითხებიც, რომელიც შეთანხმებას საჭიროებს", - აღნიშნა მან.