სამართალდამცავებმა ქურდობისთვის 13-ჯერ ნასამართლევი არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცავებმა ქურდობისთვის 13-ჯერ ნასამართლევი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის თანამშრომლებმა წარსულში ქურდობის 13 ფაქტისთვის ნასამართლევი , პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, არასრულწლოვანი რომეო გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 9 თებერვალს, წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში, ელეონორა წიქორაძის საცხოვრებელი სახლიდან 2480 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები და მობილური ტელეფონი მოიპარა.

"დაკავებულმა ოქროულობის ნაწილი იმავე დღეს გაყიდა. სამართალდამცველებმა ძვირფასეულობის ნაწილი უკვე ამოიღეს. ძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ რომეო გ-მ 2012 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთის სასაფლაოზე 7 საფლავი გაქურდა. გამოძიებამ, ბრალდებულის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი, ქურდობის 20 ფაქტი დაადგინა", - აცხადებენ შსს-ში.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა" და მე–3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.