კონგრესმენთა ჯგუფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოში

კონგრესმენთა ჯგუფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოში "სრული დიპლომატიური რესურსების" გამოყენების თხოვნით მიმართა

ამერიკელი კონგრესმენთა ორპარტიულმა ჯგუფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის აღსაკვეთად "სრული დიპლომატიური რესურსების" გამოყენების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Hill იუწყება .

"დაძაბულობამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ახალარჩეულ მთავრობას შორის გასულ კვირას იფეთქა, როცა დემონსტრანტებმა პრეზიდენტს ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. ახალმა მთავრობამ, რომელსაც კავშირები აქვს მოსკოვთან, ოქტომბერში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნისა და საჯარო მოხელის დაკავების ბრძანება გასცა", - წერს გაზეთი.

გაზეთი The Hill ჯონ კერისადმი ამერიკელი კონგრესმენების წერილსაც აქვეყნებს.
"ქართველი ხალხის უფლებების, თავისუფლების დაცვისა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გადადგათ ნაბიჯები აშშ-ის ინტერესების დასამტკიცებლად საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის საკითხში. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ სრული დიპლომატიური რესურსი არსებული კრიზისის საპასუხოდ", - ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის თავმჯდომარე, მაიკლ ტერნერი ("რესპუბლიკელი", ოჰაიოს შტატი); მარიო დიაზ-ბალარტი ("რესპუბლიკელი", ფლორიდას შტატი), "ტრანსატლანტიკური დიალოგის" თავმჯდომარე ბილ შუსტერი ("რესპუბლიკელი" პენსილვანიის შტატი) და ელისონ შვარცი,("დემოკრატი", Congressional Georgia Caucus-ის თანათავმჯდომარე.

"რამდენიმე ხნის წინ სააკაშვილის მთავრობამ დაიქირავა ლობისტები თავისი, როგორც საქართველოს წამყვანი ოპოზიციური პარტიის ინტერესების წარმოსაჩენად აშშ-ის კონგრესისა და ობამას ადმინისტრაციის წინაშე~, - წერს ამერიკული გამოცემა The Hill.