მიხეილ სააკაშვილი საქართველო-რუსეთის რკინიგზის პროექტის შეჩერებას მიესალმება

მიხეილ სააკაშვილი საქართველო-რუსეთის რკინიგზის პროექტის შეჩერებას მიესალმება

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველო-რუსეთის რკინიგზის პროექტის შეჩერების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება,- ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება .

"დღეს საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, არის ბევრი ცდუნებაც. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებიც წინა პლანზე გადმოვიდა. უპირველესად, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ საკითხებში ჩნდება რეალისტური ნოტები. ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ინტენსიური ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე საქართველო-რუსეთის რკინიგზა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა გაიხსნას. თავისთავად, ეს გაუაზრებელი ნაბიჯი იყო, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, დააზარალებს საქართველოს უსაფრთხოებას, ქვეყნის პერპსექტივებს და არაფერს არ აძლევს საქართველოს არც ეკონომიკური და არც სოციალური თვალსაზრისით. უფრო მეტიც, ეს არის აფხაზეთის რეინტეგრაციის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. ბოლო დღეებში მთავრობის მხრიდან მოვისმინე ახალი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს პროექტი ახლა აღარ განიხილება და არის გრძელვადიანი განხილვისა და დისკუსიის თემა. მე უდავოდ ამას მივესალმები", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მთავრობის მოქმედებებში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით უკვე გაჩნდა გარკვეული რეალიზმის ნიშნები.
"ეს არის ის შემობრუნება, რომელსაც არ შეიძლება არ მივესალმოთ", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.