ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან სოჭის ოლიმპიადის საკითხს განიხილავს

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან სოჭის ოლიმპიადის საკითხს განიხილავს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე სოჭის ოლიმპიადის საკითხს განიხილავს .

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა, მეორე შეხვედრაზე უფრო დეტალურად სოჭის ოლიმპიადის საკითხი დადგება, რომელზეც რუსეთსა და საქართველოს შორის შეიძლება გარკვეული თანამშრომლობა დაიწყოს.

მისი განმარტებით, არის უსაფრთხოების, საკონსულო და სხვა საკითხები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში ქართული გუნდის მონაწილეობას უკავშირდება.
"ქართული მხარის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩვენ სოჭის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტს არ ვუცხადებთ. გვინდა, ჩვენმა გუნდმა მასში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას, რადგან ეს ხდება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელთანაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს, იმისთვის, რომ გუნდმა შეძლოს იქ გამგზავრება და ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება", - აღნიშნა მინისტრმა.

მაია ფანჯიკიძის თქმით, სოჭის ოლიმპიადამ შეიძლება ბევრი ისეთი თემა წამოჭრას, რომლებსაც შესაძლოა პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ოლიმპიადაში ქართველების მონაწილეობის საკითხი გადაწყვეტილია.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ 1-ელ მარტს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა არა ჟენევაში, არამედ ევროპის სხვა ქალაქში გაიმართება.