მიხეილ სააკაშვილი:

მიხეილ სააკაშვილი: "მთავრობაში მოსული ძალების პრინციპები, თბილ სავარძლებში მოკალათებისთანავე შეიცვალა"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავრობაში მოსული ძალების პრინციპები, თბილ სავარძლებში მოკალათებისთანავე შეიცვალა. 

ამის შესახებ პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა.

ქვეყნის პირველმა პირმა დადებითად შეაფასა თურქეთში მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილება, რომელიც ბათუმში მეჩეთის მშენებლობას, ხოლო თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული და ისტორიული ძეგლების აღდგენის საკითხს უკავშირდება.

"მეორეს მხრივ, ის ხალხი, ვინც დღეს მოვიდა მთავრობაში, მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ საკითხში ისტერიულ წინააღმდეგობას გვიწევდა. მინდა ვთქვა, რომ დაუსაბუთებელი, ხელჩართული წინააღმდეგობის შედეგად გაგვიჭიანურდა ეს პროცესი და ჩვენი ძეგლები ახლა გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე ადრე იყო. ახლა ირკვევა, რომ მათ საერთოდ არ ადარდებდათ არც ჩვენი ძეგლების და არც მეჩეთების ბედი. მე არ მინდა, ბოლომდე დავიჯერო, მაგრამ როგორც ახლა გამოიყურება, მთავარი იყო კომფორტული სავარძლებისთვის ბრძოლა და როგორც კი მოკალათდებიან ამ სავარძლებში, მათი პრინციპები, თუნდაც არასწორი, გადადის მეასე პლანზე. რა თქმა უნდა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ მინდა, გამოვთქვა უბრალოდ ჩემი გარკვეული წუხილი, რომ ამდენი დრო დავკარგეთ ეგოისტური პოლიტიკური პარტიების პირადი ინტერესების გამო და ეს დადასტურდა გუშინ თურქეთში გამართული მოლაპარაკებების დროს. მომავალში უფრო ზეპარტიულად უნდა მივუდგეთ სიტუაციას და იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა არ შეცვლის პოზიციას იმის მიხედვით, რომელ დედაქალაქში და ვის ელაპარაკება. ალბათ, ესეც გამოუცდელობის ბრალია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.