მიხეილ სააკაშვილმა ვალდის ზატლერსსა და ლილიტა ზატლერესს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა

მიხეილ სააკაშვილმა ვალდის ზატლერსსა და ლილიტა ზატლერესს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, ლატვიის პრეზიდენტს 2007-2011 წლებში, ვალდის ზატლერსსა და ქალბატონ ლილიტა ზატლერესს საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა. 

ვალდის ზატლერსი კი, ქვეყნის პირველმა პირმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, ვალდის ზატლერსს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს წინაშე როგორც საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საგარეო პოლიტიკაში შეტანილი წვლილით, ისე საქართველოს მეგობართა ჯგუფის გაძლიერების თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2008 წელს ზატლერსის პირადი ინიციატივა იყო ამ ჯგუფის ახალი ფორმატით ჩამოყალიბება, რომლის დახმარებით, ქვეყანა ურთულეს გამოწვევებს გაუმკლავდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთო ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე იგი კვლავაც რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად.

თავის მხრივ, ვალდის ზატლერსმა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და სახელმწიფო ჯილდოს გადაცემისთვის, ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის ერთგული დარჩება.