ბიძინა ივანიშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კონსტიტუციური ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კონსტიტუციური ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კონსტიტუციური ცენტრის ხელმძღვანელს ლოურენს ლესიგს შეხვდა. 

ლოურენს ლესიგი იმ ექსპერტთა ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო პროცესებსა და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას დააკვირდება და მთავრობას შესაბამის კონსულტაციას გაუწევს.

ლოურენს ლესიგი საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამართლის აკადემიკოსია. იგი 1993 წლიდან ხელმძღვანელობდა იმ საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობდა. ლოურენს ლესიგი ასევე სათავეში ედგა ექსპერტთა ჯგუფებს, რომლებიც საკონსტუტუციო რეფორმების საკითხში კონსულტაციას უწევდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ლოურენს ლესიგი ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორია.

საქართველოში მუშაობას შეუდგება ექსპერტთა მეორე ჯგუფიც, რომელიც მონიტორინგს გაუწევს გახმაურებულ სისხლის სამართლებრივ საქმეებს. გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის შტეფან ფულეს რეკომენდაციით ამ ჯგუფს თომას ჰამერბერგი უხელმძღვანელებს. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფები საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწოდების შედეგად იქმნება.