"ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარობის კანდიდატს სამივე საარჩევნო ოლქში წარადგენს

27 აპრილისთვის დანიშნულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარობის კანდიდატს სამივე საარჩევნო ოლქში წარადგენს და მთავარი პოლიტიკური ოპონენტისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევას შეეცდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა. 

კონკრეტულად ვინ იქნებიან "ნაციონალების" კანდიდატები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის რაიონებში, დარჩიაშვილი ამაზე საუბარს ჯერ ნაადრევად მიიჩნევს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ პარტია გადაწყვეტილებას რაიონის სპეციფიკისა და მაჟორიტარობის კანდიდატების პიროვნული შესაძლებლობების გათვალისწინებით მიიღებს.

მისივე თქმით, არსებული სიტუაციის ფონზე შედეგების პროგნოზირება რთულია, რადგან მათ ბევრ მომხრეზე ზეწოლა განხორციელდა, რაც ადამიანთა ნაწილს აშინებს. ამ კონტექსტში დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ გაზრდილია მოლოდინი ახალი ხელისუფლების მიმართ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართება. ეს ის რაიონებია, სადაც 1-ელი ოქტომბრის არჩევნები კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა თეა წულუკიანმა, არჩილ კბილაშვილმა და კახა კალაძემ მოიგეს. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტში შესვლიდან მალევე - აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლების გამო შეუწყდათ.