"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" ხვალ რიგგარეშე ყრილობას გამართავს

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" ხვალ რიგგარეშე ყრილობას გამართავს. ყრილობა თბილისის საკონცერტო დარბაზში, 15:00 საათზე დაიწყება. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ყრილობაზე წესდების ახალ რედაქციას მიიღებენ.

მისივე განმარტებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პარტიას თავმჯდომარე არ ეყოლება და მას პოლიტსაბჭო უხელმძღვანელებს. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის პოსტს ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.

პოლიტსაბჭოს შემადგენლობა იზრდება და მას დელეგატები ხვალ, ყრილობაზე აირჩევენ. "ყრილობამ უნდა დაუჭიროს მხარი პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას, ისევე, როგორც სარევიზიო კომისიას. საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს განვიხილავთ. პარტიას ცალკე თავმჯდომარე არ ეყოლება და მის ფუნქციებს პოლიტსაბჭო განახორციელებს. პოლიტსაბჭო აირჩევს პოლიტსაბჭოს მდივანსაც. კანდიდატურებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს ყრილობის გადასაწყვეტია",- აღნიშნა მანანა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის ინფორმაციით კი, ყრილობაზე სხვა ბევრი ორგანიზაციული საკითხიც გადაწყდება. მისი თქმით, დელეგატები 73 რაიონიდან ჩამოვლენ. ყრილობას მიწვეული სტუმრებიც დაესწრებიან.

"ჩვენ მათ წარვუდგენთ ახალ წესდებას. პარტიული სტრუქტურა იქნება განსხვავებული დიამეტრულად და პარტიას ეყოლება კოლექტიური მმართველი ორგანო", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.
ყრილობას პრემიერ-მინისტრი და პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.