ჯანდაცვის სამინისტრო თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნაზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნაზე მუშაობს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგის შექმნაზე მუშაობას იწყებს.

დაგეგმილი სიახლეები, რომლებიც საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად იქნება გამიზნული, დღეს ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაშმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან განყრელიძემ გააცნეს. 

შეხვედრაზე გამყრელიძემ "თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის" პრეზენტაცია გამართა და მოკლედ მიმოიხილა ძირითადი ნაბიჯები, რომლებიც ხუთწლიანი სტრატეგიის შექმნას შეეხება.

პირველი ეტაპი თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნა იქნება, რომელსაც ერთი თვის განმავლობაში 3-5 წელზე გაწერილი სტრატეგიის შემუშავება დაევალება. კომისიაში წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა სამინისტროები და დაინტერესებული პირები. აღსანიშნავია, რომ კომისიაში არ იქნებიან წარმოდგენილი თამბაქოს მწარმოებელი ან შემომტანი კომპანიები.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, სპეციალური კომისიის მუშაობის შედეგად გაიწერება სამოქმედო გეგმა, ეტაპობრივად შემუშავდება კანონპროექტები და სხვადასხვა სახის რეკომენდაციები, რომლებიც უზრუნველყოფს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მიღებული თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და, ამასთან, მნიშვნელოვნად შეამცირებს თამბაქოს აქტიური თუ პასიური მოხმარების შედეგად დაავადებისა და გარდაცვალების ფაქტებს. (სტატისტიკის მიხედვით საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით წელიწადში 11 000 ადამიანი იღუპება).

არსებული გეგმით, საკანონმდებლო ცვლილებები მოსალოდნელია ისეთი მიმართულებებით, რიოგორებიცაა აქციზის გადასახადის პერიოდული ზრდა, საჯარიმო სანქციები, თამბაქოს ნედლეულის სტანდარტის მონიტორინგი, კოლოფზე დატანილი სამედიცინო გაფრთხილების ზომის 50%-მდე გაზრდა, რეკლამისა და სპონსორობის საკითხები, წარმოებაზე, იმპორტზე, ესპორტსა და დისტრიბუციაზე ლიცენზიების გაცემის გამკაცრება, არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს მიყიდვაზე საჯარიმო სანქციების გამკაცრება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ნორმების გამკაცრების მიმართულებით მუშაობის გარდა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი კამპანიის წამოწყებას გეგმავს, რომელიც თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის შემცირებისკენ იქნება მიმართული.