გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანა სამართალდამცველებს ხვალ, 15:00 საათზე დაევალათ

გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანა სამართალდამცველებს ხვალ, 15:00 საათზე დაევალათ

სასამართლოს ბრძანებით, გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანა შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს ხვალ, 15:00 საათზე დაევალათ. 

საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ძველი თბილისის რაიონის პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავა დაკითხვაზე იძულებით უნდა იქნას მიყვანილი.
როგორც საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ განმარტა, პროკურატურამ მოითხოვა გიგი უგულავას იძულებით მიყვანა თბილისის დეტექტივების განყოფილებაში. "შუამდგომლობის თანახმად, გიგი უგულავა მოწმის სახით დაკითხვის მიზნით, ორჯერ იქნა გამოძახებული საგამოძიებო ორგანოში, თუმცა, იგი არ გამოცხადდა. სასამართლო აცხადებეს, რომ მოწმის გამოძახებისას საპროცესო დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სახეზეა უგულავას მოწმის სახით მიყვანის კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა", - განაცხადა ეკა არეშიძემ.

მისივე განმარტებით, საპროცესო კოდექსით აკრძალულია, პარლამენტის წევრის, პრეზიდენტის, სახალხო დამცველის და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის დაკითხვაზე იძულებით მიყვანა, რაც ქალაქის მერს არ ეხება.

"ქალაქის მერი აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის ნახსენები. სასამართლოს ბრძანებით, მოწმის, გიგი უგულავას მიყვანა გამოძიების ადგილას უნდა განხორციელდეს 2013 წლის 16 თებერვალს 15:00 საათზე. ბრძანების აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს დაევალათ", - განაცხადა ეკა არეშიძემ.
გიგი უგულავას დაკითხვა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს.