ჰელენ კლარკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ჰელენ კლარკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორი, ჰელენ კლარკი საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" გაერო-ს განვითარების პროგრამის პრესსამსახურიდან აცნობეს, 17-19 თებერვალს გაიმართება შეხვედრები საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

17 თებერვალს ჰელენ კლარი კაჭრეთს ეწვევა, სადაც გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორი პროფესიულ კოლეჯს დაათვალიერებს, მექანიზატორთა გადამზადების პროგრამას გაეცნობა, ადგილობრივ ფერმერებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეხვდება.

კაჭრეთში შეხვედრები გაიმართება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით კირვალიძესთან და საქართველოს ვიცე პრემიერთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან გიორგი მარგველაშვილთან.

18 და 19 თებერვალს გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორი შეხვდება საქართველოს პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს.

ჰელენ კლარკი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი ოფიციალური პირია. იგი გაერო-ს განვითარების ჯგუფს თავმჯდომარეობს, რომელიც გაერო-ს ყველა ფონდის, პროგრამისა და დეპარტამენტის ლიდერებს აერთიანებს. 2009 წელს ჰელენ კლარკი გახდა პირველი ქალბატონი, რომელიც სათავეში ჩაუდგა გაერო-ს განვითარების პროგრამას (UNDP).
1999-2008 წლებში ჰელენ კლარკი იყო ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი სამი წარმატებული ვადის მანძილზე. სწორედ მისმა მათავრობამ მიაღწია ახალი ზელანდიის მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას, ცხოვრების დონის საყოველთაო ამაღლებას და განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების განვითარებას.