ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა

ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა

ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის 0-დან 8 კილომეტრზე და 14-18 კილომეტრებზე საგზაო სამოსის საფუძვლის მოწყობის (მიწის ყრილის მოწყობა და დატკეპნა) სამუშაოები მიმდინარეობს.

პარალელურად, მიმდინარეობს გზის კუთვნილი ხელოვნური ნაგებობების – ოთხკუთხა წყალგამტარი რკინაბეტონის მილების მშენებლობა. ამ დროისათვის, დასრულებულია 4 წყალგამტარი მილის მოწყობა, ხოლო 4 მილზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოები.

ასევე, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის 4-კილომეტრიან მონაკვეთზე (13.1-17.3 კილომეტრები) ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია და სამუშაოები გრძელდება.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარე რიონსა და მდინარე ჭიშურაზე ხიდების მშენებლობის სამუშაოები.

ამ დროისთვის, მდინარე რიონზე დასრულებულია რკინა-ბეტონის 160 ხიმინჯის, ხოლო მდინარე ჭიშურაზე 16 ხიმინჯის ბურღვისა და მოწყობის სამუშაოები.
ასევე, პარალელურად, დაიწყო ქუთაისი-გეგუთის გზაგამტარის მშენებლობა, სადაც მიმდინარეობს ბურღვისა და რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი მიმდინარე პროექტების მონიტორინგის მიზნით, სამშენებლო ობიექტებზე გასვლებს ახორციელებს.
ამ პროცესის ფარგლებში, მან ქუთაისის შემოვლითი გზისა და ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის სამშენებლო მონაკვეთებზე სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.