ნინო ბურჯანაძე - 26 მაისს პოლიციელის მკვლელობაზე ამოტივტივდება ისეთი ფაქტები რომელიც ყველას შოკში ჩააგდებს

ნინო ბურჯანაძე - 26 მაისს პოლიციელის მკვლელობაზე ამოტივტივდება ისეთი ფაქტები რომელიც ყველას შოკში ჩააგდებს

8 თებერვლისა და 26 მაისის ერთმანეთთან შედარება ამორალურობაა", - ამის შესახებ განცხადება "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. ნინო ბურჯანაძე და პარტიის მთავარი საბჭო დღეს პოლიტპატიმრებს შეხვდნენ და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა განიხილეს.

"8 თებერვლის და 26 მაისის შეადარება – ეს ამორალურობის კიდევ ერთი დადასტურებაა. თუმცა ნებისმიერი ტიპის ძალადობას ყოველთვის ვგმობდით და დავგმობთ. ჩვენ არასოდეს ვიყავით ძალადობის ინიციატორი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლაპარაკობენ მხოლოდ 8 თებერვალზე და ამით უნდათ, რომ გადაფარონ ის დანაშაულებები, რაც წინა ხელისუფლებას აქვს ჩადენილი. ამას ვერ მოახერხებენ. დღეს რომ 26 მაისთან დაკავშირებით ნახევარი სიმართლე მაინც ითქვას, "ნაციონალური მოძრაობის" შუბლზე ძარღვგაწყვეტილ წარმომადგენლებსაც კი გაუჭირდებათ იმ სახის განცხადებების გაკეთება, რასაც ბედავენ. 26 მაისს პოლიციელის მკვლელობასთან დაკავშირებით ამოტივტივდება ისეთი ფაქტები რომელიც შოკში ჩააგდებს ყველას და რომელიც აჩვენებს, რომ ის ადამიანი იყო წინასწარ განწირული.", - განაცხადა ბურჯანაძემ.

დღევანდელ შეხვედრას ამნისტირებულ პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად, ის პირებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ამნისტიის მიღებამდე მოიხადეს სასჯელი. ისინი მოითხოვენ პოლიტიკურ და სამართლებრივ რეაბილიტაციას. დღევანდელ შეხვედრაზე მათ განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს, დროულად შეიმუშავონ საკანონმდებლო აქტი, რომელიც შესაძლებელს გახდის პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა სრულ რეაბილიტაციას.

"ჩვენ ველოდებით, რომ უმოკლეს ვადებში აღდგეს სამართლიანობა. პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიენიჭოს იმ პირებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყვნენ ამ სტატუსის მატარებლებად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მაგრამ 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის მიღებამდე, სხვადასხვა ფორმით გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. ამას ელიან თავად უკანონოდ დასჯილნი, მათი ოჯახის წევრები და მთელი ქართული საზოგადოება. სწორედ ეს იქნება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დასასრულისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.