ავთანდილ დემეტრაშვილი - კონტიტუციური ცვლილებები დაგეგმილზე ადრე ამოქმედება რთული სიტუაციიდან კარგი გამოსავალია

ავთანდილ დემეტრაშვილი - კონტიტუციური ცვლილებები დაგეგმილზე ადრე ამოქმედება რთული სიტუაციიდან კარგი გამოსავალია

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელიც 2010 წელს გახორციელებული კონსტიტუციური ცვლილებების სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობდა , მიიჩნევს, რომ ახალი რედაქციის კონტიტუციის დაგეგმილზე ადრე ამოქმედება შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციიდან კარგი გამოსავალია. 

ამ მიმართულებით მმართველ გუნდსა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის მიღწეული შეთანხმებით დემეტრაშვილი კმაყოფილია და, როგორც აცხადებს, გადაწყვეტილება კოჰაბიტაციის პროცესის წარმატებულად გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

"მოდი, პირველ რიგში "ქართული ოცნების" შიშებს შევეხოთ. მათ მიაჩნიათ და, ზოგიერთ შემთხვევაში ეს გამართლებული შიშია, რომ არსებობს რისკი, ხიფათი იმისა, რომ პრეზიდენტმა შეიძლება ყველა ის შესაძლებლობა გამოიყენოს, რომელიც ქვეყანას პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანს და ხელისუფლებას ჩამოაშორებს კოალიციის მთავრობას, შეიძლება პარლამენტსაც. ამ ცვლილებების ამოქმედებით აღნიშნული პრობლემა იხსნება, რადგან პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება, გადააყენოს მთავრობა, მას არა აქვს მთავრობის აქტების გაუქმების უფლება, მთავრობა იქმნება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო საარჩევნო შედეგის მქონე სუბიექტების მიერ. პრეზიდენტში ამ შემთხვევაში აღარავითარ რეალურ უფლებამოსულებას აღარ ახორციელებს. ამიტომ თითქმის ყველა რისკი, რომელიც დაკავშირებულია არსებული კონსტიტუციით გათვალისწინებულ პროცედურებთან და პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან, მოხსნილია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს წაადგება კოჰაბიტაციის პროცესის წარმატებულად გაგრძელებას. მეორეც, მე არ ვიცი "ნაციონალურმა მოძრაობამ" რა გარანტიები მიიღო, რომ კოჰაბიტაცია გაგრძელდება მეორე მხრიდანაც - ეს ალბათ პოლიტიკური შეთანხმების საგანი იქნება. ზოგადად კი, "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობა, რომელიც იყო საკონსტიტიციო კომისიაში, პარლამენტში და 2013 წლისათვის ასამოქმედებელი რედაქცია მიიღო, ყოველთვის ამ პოზიციას იკავებდა", _ განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ავთანდილ დემეტრაშვილმა.

დემეტრაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების დაგეგმილზე ადრე ამოქმედება კონსტიტუციური პროცესის დასრულებას არ ნიშნავს.

"საქმე იმაშია, რომ გუშინ პროფესურის წარმომადგენლები დეპუტატ ვახტანგ ხმალაძეს შევხვდით, სადაც მან განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო კომისია შეიქმნება და გახორციელდება ცვლილებები", - დასძინა მან.