ფინანსთა სამინისტრომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა

ფინანსთა სამინისტრომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა

ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თანდაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქველმოქმედო აქცია გამართა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, აქციის - "ლეიკემია იკურნება" ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს.

დღესვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ "სისხლის ბანკს" შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სამინისტროს ჩართულობას ბავშვთა ლეიკემიურ დაავადებებთან ბრძოლის პროცესში.

"სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს პრობლემა უცხო არაა. დღეს ბევრი ბავშვი გადის მკურნალობის კურსს. კარგია, რომ მკურნალობას ხშირ შემთხვევაში დადებითი შედეგები აქვს, მაგრამ პრობლემა სისხლის მარაგია. სწორედ ამიტომ, ფინანსთა სამინისტრომ და მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულმა "სისხლის ბანკმა" გავაფორმეთ მემორანდუმი და ჩვენი თანამშრომლები სისტემატურად გაიღებენ სისხლს, რათა უფრო ბევრი ბავშვი გადარჩეს და განიკურნოს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. "დღეს მნიშვნელოვანი აქცია ჩატარდა, თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ პირველი საქველმოქმედო აქცია, რომელიც საჯარო სექტორიდან განხორციელდა, სწორედ ფინანსთა სამინისტროში გახლდათ. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, გაფორმებულიყო თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენი ბავშვებისთვის თითქმის ყოველდღიურადაა საჭირო სისხლი. აქედან გამომდინარე, თავად ფინანსთა მინისტრის ინიციატივა იყო აქციაში სამინისტროს სისტემის თანამშრომლები ჩართულიყვნენ. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ასეთი ტიპის მემორანდუმის გაფორმების სურვილს სხვა საჯარო სამსახურებიც გამოთქვამენ", - განაცხადა "სისხლის ბანკის" სამედიცინო დირექტორმა თამთა დემურიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის ფინანსთა სამინისტრომ მომსახურების სააგენტოსთან ერთად საქველმოქმედო აქცია გასული წლის დეკემბერშიც მოაწყო.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა პატარები ტანსაცმლით, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ტკბილეულით დაასაჩუქრეს.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც მწვავე ლეიკემიისა და ავთვისებიანი ლიმფომების მკურნალობა ხორციელდება. პაცინტთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა დღეისათვის სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება.