სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების უფროსის ყოფილი მოადგილე ბრალდებას აღიარებს

სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების უფროსის ყოფილი მოადგილე ბრალდებას აღიარებს

სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების უფროსის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ჯანჯღავა ბრალდებას აღიარებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანჯღავას ადვოკატმა, ავთანდილ ბერძენიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ჯანჯღავას ბრალი წარედგინა 144-ე მე-3 პრიმა მუხლით და იგი ბრალდებულია პატიმართა არაადამიანურ მოპყრობაში. აღნიშნული სასჯელი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, 13 თებერვალს სასამართლო სხდომა გაიმართა და განაჩენის მიხედვით, ჯანჯღავას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო 8 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

ავთანდილ ბერძენიშვილის თქმით, ჯანჯღავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2005 წლიდან მუშაობდა, ხოლო 2012 წლის 15 დეკემბერს თანამდებობა მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 11 თებერვალს კი მისი დაპატიმრება მოხდა.

ადვოკატის განმარტებით, ჯანჯღავას წინააღმდეგ კონკრეტული პირის საჩივარი არ არსებობს.მისი განმარტებით, საქმის აღძვრა მოხდა გავრცელებული ვიდეო-მასალიდან გამომდინარე. კერძოდ, ბერძენიშვილის თქმით, საქმე ეხება ე.წ. კარანტინის დაშლას.