მაია ფანჯიკიძე ასოცირების შეთანხმებაზე გეგმების რეალიზაციის შეფერხების საფრთხეს ვერ ხედავს

მაია ფანჯიკიძე ასოცირების შეთანხმებაზე გეგმების რეალიზაციის შეფერხების საფრთხეს ვერ ხედავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული გეგმების რეალიზაციის შეფერხების საფრთხეს ვერ ხედავს.

ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში წარმატებულად ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი, ისევე როგორც წარმატებით მიმდინარეობს მუშაობა ასოცირების ხელშეკრულებაზე.

"ეს მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ, თავისუფალ სავაჭრო ზონას და თვის ბოლოს ველოდებით ვიზების ლიბერალიზაციის თემაზე, რომელიც ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა უნდა ჩამოიტანოს. ვმუშაობთ გეგმის მიხედვით და კიდევ უფრო დაჩქარებულ რეჟიმში. ტექსტის ფაქტობრივად 85 პროცენტი შეთანხმებულია. ტექსტზე მუშაობა მარტში დამთავრდება. ადრე დაგეგმილი იყო, რომ მაისში დამთავრდებოდა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტამდე რჩება საკმაო დრო, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მოახდინონ ტექსტის გადამუშავება. ეს კი, ფანჯიკიძის განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ ვილნიუსის სამიტისთვის ხელშეკრულებებზე მუშაობა დამთავრდება და ისინი პარაფირებული იქნება.