ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების ვადამდე ამოქმედების ინიციატივას იწონებს

ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების ვადამდე ამოქმედების ინიციატივას იწონებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკონსტიტუციო ცვლილებების ვადამდე ამოქმედების ინიციატივას იწონებს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს თურქეთში რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განუცხადა. 

მისივე თქმით, ამ თემაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, საჭიროების შემთხვევაში, თავადაც ჩაერთვება.

"კარგი ინიციატივაა სააკაშვილის მხრიდან, რომ არათუ საკონსტიტუციო ცვლილება მიიღონ, არამედ ის, რაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში. იცით, რომ არჩევნების შემდგომ პრეზიდენტის უფლებები ძალიან სუსტდება და ზუსტად იმ უფლებების გადმოტანაზეა საუბარი უახლოეს დროში. ეს უფრო საინტერესოა. ეს ინიციატივა პრეზიდენტმა აიღო, მოლაპარაკებები გრძელდება და მე თუ საჭირო გავხდები, რა თქმა უნდა ჩავერთვები", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, მიმდინარეობს საუბრები იმაზე, რომ შევიდეს ძალაში საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო.