ბიძინა ივანიშვილმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა პატიმრების საკითხზე ისაუბრეს

ბიძინა ივანიშვილმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა პატიმრების საკითხზე ისაუბრეს

საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე პატიმრების თემას დიდი დრო დაუთმეს. 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ციხეებიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ თურქი ბიზნესმენები, თუმცა მათ საქმეებზე კითხვები არსებობს.

"საჯაროდ ვაცხადებ, რომ საქართველოში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ საუკეთესო პირობები შეიქმნება ბიზნესისთვის, მათ შორის თურქი ბიზნესმენებისთვის, ჩინოვნიკები კერძო საკუთრებაში აღარ ჩაერევიან და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქმა ბიზნესმენებმა საკუთარ სახლში იგრძნონ თავი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი საქართველოში დაპატიმრებული თურქეთის მოქალაქეების ბედსაც შეეხო.

"ბიზნესმენებს ჯერ ციხე ააშენებინეს და შემდეგ დაიჭირეს. საუბედუროდ, ასეთი მემკვიდრეობა გვერგო. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად და გადავწყვეტთ ისე, როგორც კანონი ითვალისწინებს. ვისაუბრეთ პატიმრების საკითხზე. ქართულმა მხარემ გააკეთა რეაგირება ამ მიმართულებით და იგივე მოხდება თურქეთის მხრიდან", - აღნიშნა ივანიშვილმა.
პატიმრების თემას რეჯეფ ტაიპ ერდოღანიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას კონკრეტულ გვარებზე არ უსაუბრია, თუმცა ამ საკითხს დიდი ყურადღება დაუთმო.
"მსჯავრდებულების საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ ზოგის გათავისუფლებაზე, ზოგის გადმოცემაზე, ზოგის ექსტრადირებაზე. კონკრეტულ გვარებზე არ გვისაუბრია, თუმცა, ამ საკითხს დიდი ყურადღება დავუთმეთ", - აღნიშნა ერდოღანმა.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები აქტიურ თანამშრომლობასა და პირდაპირ სატელეფონო კონტაქტებზეც შეთანხმდნენ.

"მას ძალიან უყვარს ბათუმი, დავპატიჟებთ და ხშირად შევხვდებით. დავგეგმეთ არაფორმალური ურთიერთობები და პირდაპირი სატელეფონო საუბრებიც. ჩანს, რომ განწირული ვართ მეგობრობისთვის", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.