პარლამენტის დონორი ორგანიზაციების შეხვედრა სასტუმრო

პარლამენტის დონორი ორგანიზაციების შეხვედრა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარეობს

სასტუმრო "რედისონში" პარლამენტის დონორი ორგანიზაციების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და ათამდე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს.

როგორც უსუფაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი იქნება იმ მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც არსებობს პარლამენტთან დაკავშირებით.

"დღეს ვხვდებით ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან ერთად ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს. ეს არის ათამდე საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენ გვინდა მათთან გვქონდეს ძალიან მჭიდრო კავშირი. ჩვენ გვინდა, რომ დახმარების პროექტები იყოს არა მხოლოდ დღევანდელ პრობლემებზე ორიენტირებული, არამედ მომავალზე. ასევე, ჩვენ გვინდა შევქმნათ პროექტი "პარლამენტი 2020", რომელიც გულისხმობს როგორი პარლამენტი უნდა ჰყავდეს დემოკრატიულ, წელში გამართულ ქვეყანას, საქართველოს. ამიტომ, დღეს ჩვენ გვექნება მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია. დონორებთან გვექნება საუბარი როგორ მივიყვანოთ პარლამენტი უფრო ახლოს ხალხთან, როგორ გახდეს უფრო ეფექტური და საერთოდ პარლამენტმა როგორ შეასრულოს თავისი ფუნქცია, რომელიც იქნება მზარდი, რადგან "ქართული ოცნების" რეფორმების გატარების შემდეგ პარლამენტის როლი ქვეყანაში იზრდება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.