ეკა ბესელია პროკურატურას ხათუნა კალმახელიძის დაკითხვას სთხოვს

ეკა ბესელია პროკურატურას ხათუნა კალმახელიძის დაკითხვას სთხოვს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პროკურატურას სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის დაკითხვას სთხოვს.

ეკა ბესელიას განცხადებით, კალამხელიძის დაკითხვა ციხის სკანდალთან დაკავშირებული საქმის ირგვლივ უნდა მოხდეს. დეპუტატის თქმით, უნდა დაიკითხოს და პასუხი აგოს ყველა იმ პირმა, რომელიც პატიმრებს აწამებდა, შეურაცხყოფდა და არაადამიანურად ეპყრობოდა.

"ყველა ფაქტს კონკრეტული დადასტურება და დამტკიცება სჭირდება. ასე, რომ ის, რაც ციხეში ხდებოდა, ის უმძიმესი დანაშაულებები, ვინც არ უნდა იყოს ამის ჩამდენი – დაწყებული რიგითი თანამშრომელით დამთავრებული ადეიშვილით, რომელსაც უკვე ბრალი აქვს წაყენებული თუ კალმახელიძე, რომელიც რატომღაც არცერთ საქმეში არ ფიგურირებს, თითქოს ასეთი მინისტრი არ არსებობდა, ბუნებრივია, ყველამ უნდა აგოს პასუხი. შევახსენებ ასევე შესაბამის უწყებებს, რომ კალმახელიძისგან მიიღონ განმარტებები. ის, რაც ციხეში ხდებოდა, თუ იცოდა და თუ არ იცოდა, რატომ არ იცოდა და თუ იცოდა, რატომ ხდებოდა ის, რაც ხდებოდა", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, კომიტეტში ამ სკანდალზე უამარავი განცხადებაა შესული, რომელიც განსახილველად პროკურატურას უკვე გადაეგზავნა. ბესელია იმ ბრალდებების გადამოწმებასაც ითხოვს, რომლებიც ბოლო დღეებში ბედუკაძის მისამართით გახმოვანდა.