გუნარ ჰოკმარკი - ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ახლოსაა ევროპასთან

გუნარ ჰოკმარკი - ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ახლოსაა ევროპასთან

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ახლოსაა ევროპასთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტის დელეგაციის წევრმა , გუნარ ჰოკმარკმა განაცხადა.

ევროპარლამენტარის განმარტებით, მათ სურთ, რომ ევროპამ უფრო ახლო ნაბიჯები გადადგას საქართველოსკენ და პირიქით, საქართველო უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.

"თუმცა, ეს არ არის ავტომატური პროცესი. ამას სჭირდება სწორი ქმედება და სწორი პოლიტიკის გატარება ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ განვიხილეთ რიგი პრობლემა, რომელიც ვნახეთ, განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობასთან, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები, განვიხილეთ ის, თუ როგორ გახდა საქართველო ქვეყანა, სადაც მშვიდობიანად მოხდა ხელისუფლების გადაბარება", - განაცხადა ჰოკმარკმა შეხვედრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ, გიორგი ბარამიძესთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ევროპარლამენტის წევრის თქმით, მათ ბევრი გაიღეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისთვის და ჯერა, რომ ახლანდელი მთავრობა ამ კურსის გასაგრძელებლად და იმ მოთხოვნების შესასრულებლად, რასაც ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს, ყველაფერს გააკეთებს.

"სხვა შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება ამ პროცესის წარმართვა. მეორე, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის, ის არის, რომ ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დიალოგისთვის. ჩვენ გვაქვს ზოგადი ამოცანები, რომელიც უნდა შესრულდეს, ეს არის თავისუფალი საზოგადოება, ეკონომიკის განვითარება, თავისუფლებისა და სახელმწიფოს კანონმართულობა. ჩვენი პერსპექტივა საქართველოს სწორად განვითარებაა, რადგან საქართველო ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია ევროპული სტრუქტურისა. ამიტომ ჩვენთვის ძალიან საინტერესოა საქართველოში მიმდინარე მოვლენები", - აღნიშნა მან.

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრას ესწრებოდნენ გიორგი ბარამიძე, გიორგი კანდელაკი, ირაკლი ქავთარაძე და თინათინ ბოკუჩავა.