გიორგი ბარამიძე – მთავრობის მარცხი არ გვსურს

გიორგი ბარამიძე – მთავრობის მარცხი არ გვსურს

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის წევრებს, გუნარ ჰოკმარკსა და იოაჰიმ ცელერს შეხვდნენ. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო საქართველოს ბედს და იმას, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყანამ სვლა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

"ჩვენ ვუმასპინძლებთ "ევროპის სახალხო პარტიიდან" სტუმრებს, რომლებიც ევროპარლამენტში სხვადასხვა ქვეყნის "სახალხო პარტიას" წარმოადგენენ. საშუალება გვქონდა გვემსჯელა საქართველოს ბედზე, მის მომავალზე, იმაზე თუ როგორ უნდა გააგრძელოს ჩვენმა ქვეყანამ სვლა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, როგორ უნდა დაძლიოს მრავალი პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშე სხვადასხვა სფეროში დგას, მათ შორის დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. ამასთან, ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა შეძლოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ნაყოფიერი თანამშრომლობა მთავრობასთან, რათა საქართველომ გააგრძელოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი. ასევე, ვიმსჯელეთ, იმაზე, რომ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და დავეხმაროთ ჩვენს პარტიას, გახდეს კიდევ უფრო სტრუქტურირებული, უფრო მეტი ადამიანი მოვიზიდოთ, უფრო საინტერესო ადამიანები, რათა მომავალ საპრეზიდენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მეტ წარმატებას მიაღწიოს. იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდში იქნებიან", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ბარამიძემ.

მისივე განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" დაინტერესებულია, საქართველოს მთავრობამ წარმატებას მიაღწიოს და არ სურთ ხელისუფლების მარცხი.

"ვიმსჯელეთ იმაზეც, რომ აუცილებელია ვითანამშრომლოთ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, როგორც "ევროპის სახალხო პარტიის" და ევროპარლამენტის, ისე ეროვნულ დონეზე, რათა აღარ მოგვიწიოს ისეთი ტიპის უსიამოვნო განცხადებების მოსმენა, რაც "ევროპის სახალხო პარტიის" ხელმძღვანელობის მხრიდან ქვეყანაში შექმნილ არასახარბიელო მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთდა. ეს არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არ არის ის, რაც გვინდა იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა დემოკრატიული ოჯახისკენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიზეზი, რის გამოც ეს განცხადება გაკეთდა, აღმოიფხვრას და საქართველომ გააგრძელოს წინსვლა. ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკან იმ მიღწევებისგან, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მოვიპოვეთ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ გვსურს ამჟამინდელმა მთავრობამ მიაღწიოს წარმატებას და არ ვუყურებთ საქმეს ისე, რომ რადგან ოპოზიცია ვართ, გვინდა მთავრობამ მარცხი განიცადოს. მთავრობის წარმატება იქნება საქართველოს წარმატება, რითაც მოგებული დარჩება საქართველოს თითოეული Fმოქალაქე", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრას გიორგი ბარამიძის გარდა, გიორგი კანდელაკი, ირაკლი ქავთარაძე და თინათინ ბოკუჩავა ესწრებოდნენ.