ბიძინა ივანიშვილი - იშხანისა და ოშკის აღდგენის პროცესს ქართველი ექსპერტები დააკვირდებიან

ბიძინა ივანიშვილი - იშხანისა და ოშკის აღდგენის პროცესს ქართველი ექსპერტები დააკვირდებიან

თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე იშხანისა და ოშკის აღდგენის პროცესს ქართველი ექსპერტები დააკვირდებიან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ თაიფ ერდოღანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართული მხარე თურქეთს დაპირდა, რომ საქართველოში არსებული თურქული ძეგლების აღწერას და მათ მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს. 

"ვისაუბრეთ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ვისაუბრეთ მეჩეთის აშენების პრობლემებზე, რომელიც, მე მგონი წარმატებით გადავწყვიტეთ და შევთანხდით",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, თურქეთში იშხანის და ოშკის ძეგლების აღდგენა მიმდინარეობს და ამ თემაზე საუბრის დროს ერდოღანმა "მყისიერად გასცა პასუხი", რომ იქ შეიძლება ქართველი არქიტექტორების, ქართული ჯგუფის დაშვება და ყურადღების მიდევნება ამ პროცესზე, რისთვისაც მან თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თურქული წარმოშობის ძეგლების აღწერა გავაკეთოთ, მათ მოვლას-პატრონობას ხელი შევუწყოთ",-დასძინა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილის კომენტარი ტელეკომპანია "მაესტრომ" გაავრცელა.