შსს-ს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი - „126

შსს-ს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი - „126" ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი - „126" დღეიდან ამოქმედდა. სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ცხელ ხაზზე გენერალურ ინსპექციას აცნობოს. ცხელი ხაზი - „126" 24 საათის განმავლობაში იფუნქციონირებს.

შსს-ს გენერალური ინსპექცია უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადო შესრულებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.

გენერალური ინსპექციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია: შსს-ს თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პიროვნების თავისუფლების და კანონიერი ინტერესების შელახვის, კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა, სამსახურებრივ და სხვა გადაცდომათა გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია და მათზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება; სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და წინასწარი გამოძიების განხორციელება.

გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.