მიხეილ სააკაშვილი - ევროპამ ხელი თუ გვკრა, მაშინ ჩვენ ვიქნებით ადვილი ლუკმა მხოლოდ ერთი ჩვენი მეზობლისთვის

მიხეილ სააკაშვილი - ევროპამ ხელი თუ გვკრა, მაშინ ჩვენ ვიქნებით ადვილი ლუკმა მხოლოდ ერთი ჩვენი მეზობლისთვის

ევროპამ ხელი თუ გვკრა, მაშინ ჩვენ ვიქნებით ადვილი ლუკმა მხოლოდ ერთი ჩვენი მეზობლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი საგანგებო ვიდეოკომენტარში აცხადებს, ევროპის სახალხო პარტიის განცხადების თანახმად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმება დარტყმის ქვეშ დგას. ამასთან, პრეზიდენტი მიმართავს საქართველოს მთავრობას, ამ თემაზე პრეზიდენტთან ერთად იმსჯელოს.

"8 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ წელს უკვე უნდა გაგვეფორმებინა ასოცირების ხელშეკრულება ვილნიუსში. ამ ბოლო დროის მოვლენებმა საქართველოს შიგნით, ევროპის სახალხო პარტიის განცხადების თანახმად, ეს დააყენა დარტყმის ქვეშ. ეს არის ყველაფერი იმის დანგრევა, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვაკეთებდით. ეს ჩემთვის არის ძალიან მძიმე რამ, რადგან ეს არ შეიძლება უხაროდეს არც ოპოზიციას, არც მთავრობას. თუ ჩვენ ევროპამ გვკრა ხელი, მაშინ ჩვენ ვიქნებით ადვილი ლუკმა მხოლოდ ერთი ჩვენი მეზობლისთვის და მაშინ ჩვენი დეკლარაციებიც ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს. უნდა გამოვფხიზლდეთ და არ უნდა ვიძახოთ, ვინ არიან ეს პარტიები. ეს არის ის პარტია, რომელსაც მართლა შეუძლია ამის დაბლოკვა. უნდა გამოვიღვიძოთ და მივხვდეთ, რომ თუ რაღაცეებია გამოსასწორებელი, ახლა უნდა დავჯდეთ ყველანი ერთად და გამოვასწოროთ. არ შეიძლება ქვეყანას ისეთი საფრთხე შევუქმნათ დღეს, რომ მერე ამ მატარებელმა ჩაიაროს და შემდეგმა მატარებელმა მრავალი წელი აღარ ჩამოიაროს ჩვენთვის. მე ვარ ამით შეშფოთებული. მე მზად ვარ მთავრობას ველაპარაკო ამ თემებზე. ეს არის ძალიან დიდი და პრობლემური ამბავი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, რომ ამ ამბავს გაგრძელება არ მოჰყვეს. თორემ, საბოლოო ჯამში წააგებს საქართველო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ევროპის სახალხო პარტია არის ყველაზე დიდი ჯგუფი და მას შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვა ევროპარლამენტში.

"მათ შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვა ევროპარლამენტში და მათ უკვე გამოაცხადეს, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველო წელს, ვილნიუსის სამიტზე ვერ მიიღებს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ეს არის ის, რისთვისაც მთელი ეს წლები ჩემი მთავრობა ძალიან ინტენსიურად მუშაობდა და ჩვენ პრაქტიკულად ერთი ხელის გაწვდენაზე მივუახლოვდით", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.