გიგი უგულავას საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი

გიგი უგულავას საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა, გამოძიების წინაშე გიგი უგულავას იძულებით წარდგენის შესახებ ,- ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სასამართლოში დაუდასტურეს.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ თემაზე, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

შსს-მ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, გამოძიება მიმართავს საქალაქო სასამართლოს, გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ.
"თბილისის მერი გიგი უგულავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად, მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები განხორციელდება. გამოძიება მიმართავს საქალაქო სასამართლოს, რათა გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ. პირის იძულებით მოყვანის წესი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლით", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამასთან, გიგი უგულავა 13 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აცხადებს, რომ პოლიციაში დაკითხვაზე მისი მისვლის აუცილებლობის შესახებ სასამართლოს დასაბუთებულ განჩინებას დაემორჩილება.