დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი "ნაციონალებს" მოუწოდებს, მგრძნობიარე თემებით სპეკულირებისგან თავი შეიკავონ

ასოცირების ხელშეკრულების გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განუცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ გიორგი ბარამიძის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, წინსვლა დაფიქსირდა განსაკუთრებით მოლაპარაკებების ბოლო ორ რაუნდზე, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა.

"ბევრი ის საკითხი, რაზეც დიდი დრო დაიხარჯა წინა რაუნდებზე, სწორედ ამ ბოლო ორ რაუნდზე შეთანხმდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვილნიუსის სამიტამდე დარჩენილ რაუნდებზე საბოლოო შეთანხმება მიიღწევა. მინდა, მოვუწოდო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, ნუ ცდილობენ ასეთი მგრძნობიარე საკითხით სპეკულირებას და ამ თემის პოლიტიკური, თუ პიარმიზნებისთვის გამოყენებას, რადგან ასეთი მიდგომა არასერიოზული და მიუღებელია", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე ინფორმაციით, ევროპელი პარტნიორებისგან, რომლებთანაც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პრ ობლემებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა.
"როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასეთი თამაში მიუღებელია. ევროპული არჩევანი არის ხალხის არჩევანი და საქართველოს ახალი ხელისუფლება უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ არჩევანს სცემს პატივს", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ არ გამორიცხა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებული ტექსტის ხელმოწერას ხელი შეეშალოს.
როგორც ბარამიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ საქართველოში პოლიტიკური პროცესები ისე განვითარდა, როგორც ახლა მიმდინარეობს.