ზურაბ ჯაფარიძე - ვერ წარმომიდგენია, საქართველოს სახელმწიფომ გივი თარგამაძე რუსეთს გადასცეს

ზურაბ ჯაფარიძე - ვერ წარმომიდგენია, საქართველოს სახელმწიფომ გივი თარგამაძე რუსეთს გადასცეს

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატ გივი თარგამაძის მიმართ რუსეთის სამართალდამცავი უწყების მიერ წაყენებულ ბრალდებას სასაცილოს უწოდებს.
"ჩემი აზრით, სრულიად სასაცილო და უსაფუძვლო ბრალდებაა", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარტში ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია, რომ თარგამაძის წინააღმდეგ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის პროცესში ქართული სამართალდამცავი უწყება აქტიურად ჩაერთვება, ჯაფარიძის განმარტებით, ეს ვერ წარმოუდგენია.

"ვერ წარმომიდგენია, საქართველოს სახელმწიფომ პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე რუსეთს გადასცეს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე ბრალდებულად ცნო და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, - ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება.
საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ მარკინის ინფორმაციით, თარგამაძეს ბრალად ედება რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზება "მემარცხენე ფრონტის" ლიდერ სერგეი უდალცოვთან და მის თანაშემწე ლეონიდ რაზვოზჟაევთან კოორდინაციით.

"რუსეთის საგარეო უწყებიდან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ თარგამაძე არ სარგებლობს რაიმე სახის იმუნიტეტით სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით", - განაცხადა მარკინმა.
უახლოეს მომავალში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი თარგამაძის წინასწარ პატიმრობაზე იშუამდგომლებს.