დავით უსუფაშვილი - თუ ხარ პარლამენტის წევრი, უნდა გქონდეს უნარი, მოიქცე სამაგალითოდ

დავით უსუფაშვილი - თუ ხარ პარლამენტის წევრი, უნდა გქონდეს უნარი, მოიქცე სამაგალითოდ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, როგორც საბურთალოს საარჩევნო ოლქის ერთ-ერთი რიგითი ამომრჩეველი აცხადებს, რომ მომავალ არჩევნებში მას კანდიდატურა სერგო რატიანმა ან კობა დავითაშვილმა რომ შესთავაზოს, ვერც ერთი მათგანი მისგან ხმას ვერ მიიღებს.

ასე გამოეხმაურა უსუფაშვილი "მაესტროს" ეთერში გუშინ განვითარებულ მოვლენებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომხდარს არანაირი გამართლება არა აქვს.

"თუ ხარ პარლამენტის წევრი, უნდა გქონდეს უნარი, მოიქცე სამაგალითოდ იმიტომ, რომ წარმოადგენ პარლამენტში ხალხს და არა გაქვს გაბრაზების უფლება. დღის განმავლობაში იმდენ რამეს მივყავარ იქამდე, რომ შესაძლოა, ჭიქის გატეხვა, ან სხვა რამ მომინდეს, მაშინ სხვა საქმე და სხვა ასპარეზი უნდა მოვნახოთ იმისთვის, რომ ჩვენი ვნებები და ემოციები დავიკმაყოფილოთ. თუ ქვეყანას ემსახურები, კეთილი ინებე და ემოციები დაიოკე", - განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.

იგი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას შეექმნას განცდა იმისა, რომ ქვეყანა მიდის წინ, უკეთესობისაკენ და არა პირიქით.

ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" გუშინ, უმრავლესობის წარმომადგენელ კობა დავითაშვილსა და უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გადაცემაში ორი ლიდერის დებატებს მოჰყვა, რომლის დროსაც კობა დავითაშვილმა რატიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რატიანმა პროტესტის ნიშნად ჭიქა დაამსხვრია და გადაცემის დატოვებას აპირებდა, როდესაც დავითაშვილი მასთან მივიდა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა.

სტუდიიდან ორივე მათგანი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა "მაესტროს" ეთერში მომხდარი ინციდენტისთვის მაყურებელს მოუბოდიშა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე რატიანმა განაცხადა, მისი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კობა დავითაშვილმა "ზღვარგადასული შეურაცხყოფა არ შეწყვიტა". თუმცა, ამის მიუხედავად რატიანი მაყურებელს მოდიშს უხდის.