უჩა ნანუაშვილი - ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის კრიზისია

უჩა ნანუაშვილი - ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის კრიზისია

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის სერიოზული კრიზისია.

როგორც ჟურნალისტებს ნანუაშვილმა განუცხადა, სწორედ ამაზე მეტყველებს გუშინ ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტი.
უჩა ნანუაშვილმა დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სამწუხარო ფაქტი უწოდა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროცესები მთლიანად წარიმართოს დიალოგის რეჟიმში, რომელშიც ჩართული იქნება საერთაშორისო პარტნიორებიც.
"დიალოგს არანაირი ალტერნატივა არა აქვს", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" გუშინ, უმრავლესობის წარმომადგენელ კობა დავითაშვილსა და უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გადაცემაში ორი ლიდერის დებატებს მოჰყვა, რომლის დროსაც კობა დავითაშვილმა რატიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რატიანმა პროტესტის ნიშნად ჭიქა დაამსხვრია და გადაცემის დატოვებას აპირებდა, როდესაც დავითაშვილი მასთან მივიდა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა.
სტუდიიდან ორივე მათგანი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.