ჯონდი ბაღათურია - თბილისში ჩინურ დასახლებას შესაძლოა, სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსი მიენიჭოს

ჯონდი ბაღათურია - თბილისში ჩინურ დასახლებას შესაძლოა, სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსი მიენიჭოს

"ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია ვაზისუბნის დასახლებაში ჩინური ქალაქის მშენებლობის საფრთხის შემცველ კომპონენტებზე საუბრობს.
როგორც ბაღათურიამ ჟურნალისტებს მშენებლობის ადგილზე განუცხადა, მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ქუთაისის ტოლა ქალაქის მშენებლობა, სადაც ჩინეთის 127 000 მოქალაქის ჩამოსახლება იგეგმება.

"ეს არის ადგილი, სადაც უკვე დაწყებულია გრანდიოზული მასშტაბის, საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის ქუთაისის ტოლა ქალაქის მშენებლობა. არის ჩაფიქრებული, რომ აქ ჩამოსახლდეს ჩინეთის 127 000 მოქალაქე. თუ ქალაქი მიიღებს მხოლოდ კომერციულ სახეს და არ იქნება საუბარი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასობრივ ჩამოსახლებაზე, ბუნებრივია ჩვენ ამ პროექტისადმი არავითარი წინააღმდეგობა არ გვექნება. თუმცა ის, რომ ჩინურ კომპანიასთან საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ ხელშეკრულება ფარულად გააფორმა, გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ადგილზე მივიღოთ პატარა ჩინური ავტონომია, რომელსაც შემდგომში მოჰყვება ჩინური სოფლების მშენებლობა და შესაძლოა, საბოლოოდ ჩვენ აღმოვჩნდეთ ამ ქალაქის გავლენის ქვეშ პატარა ავტონომია", - განუცხადა ჯონდი ბაღათურიამ ჟურნალისტებს.

მისივე ინფორმაციით, მტკიცებულებები აქვს, რომ აღნიშნულ ქალაქს სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსიც უნდა მიენიჭოს.
"შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ქალაქი მთელი ქალაქის ეკონომიკას ჩაყლაპავს. აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ მოაცილოს ამ პროექტს საფრთხის შემცველი კომპონენტები, ასეთ შემთხვევაში ის ძალიან კარგი პროექტი იქნება. ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები და ხელს შევუწყობთ ნებისმიერ ინვესტორს, რომელიც ჩვენს ეკონომიკას გააძლიერებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შექმნის სამუშაო ადგილებს", - განაცხადა ბაღათურიამ.

აღსანიშნავია, რომ ჯონდი ბაღათურიას პრესკონფერენციის განმავლობაში ადგილზე მოვიდა ჩინური კორპორაცია "ხუალინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინათინ შიშინაშვილი, რომელმაც "ქართული დასის" ლიდერის ინფორმაციაზე ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა.

შიშინაშვილის თქმით, ხუალინგი საქართველოს მთავრობასთან 2012 წლის 30 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიურ სოფელს ააშენებს, რომელმაც 4 000-მდე სპორტსმენს უნდა უმასპინძლოს.

"2015 წლის მარტისთვის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, უნდა დასრულდეს ტერიტორიაზე 250 000 კვ. საცხოვრებელი ფართის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, 6 საცხოვრებელ კორპუსს, ასევე სავაჭრო ცენტრს, მედიაცენტრსა და სხვა ინფრასტრუქტურას. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, რომელიც არის 2015 წლამდე დასასრულებელი პროექტის საფასური. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში ეს ინფრასტრუქტურა 3 თვის განმავლობაში სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა და საქართველოს მთავრობა მას გამოიყენებს სტუმრების მიღებისთვის, თუმცა ვინაიდან ეს არის კერძო ინვესტიცია, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ის ისევ დაუბრუნდება ინვესტორს, რომელიც უკვე ღია გაყიდვების წესით გაყიდის ბინებს. ხოლო 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას რომელიმე ოპერატორი მოახდენს", - განაცხადა თინათინ შიშინაშვილმა.

მისივე განმარტებით, საზოგადოებისთვის აღნიშნული პროექტის მიმდინარეობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ღიაა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონის მეორე კვარტლის ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული ქალაქის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, ამ დროისთვის იქ ოთხი პავილიონია აშენებული.