თურქი ბიზნესმენის მეუღლე ერდოღანსა და ივანიშვილს მიმართავს

თურქი ბიზნესმენის მეუღლე ერდოღანსა და ივანიშვილს მიმართავს

პატიმრობაში მყოფი თურქი ბიზნესმენის, ორჰან აქსუს მეუღლე სოფო ჭუმბურიძე თხოვნით მიმართავს თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ერთობლივ შეხვედრაზე განიხილონ მისი მეუღლის საკითხი.

ამის შესახებ თურქული მედია იუწყება, რომელიც სოფო ჭუმბურძის მიერ თურქეთში გამართულ შეხვედრებს აშუქებს.

"პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა უკვე გადაარჩინა საქართველოში მყოფი თურქები, რომლებიც უსამართლოდ არიან გასამართლებული. ამიტომ მე ვთხოვ მას, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას დააყენოს ჩემი მეუღლის გათავისუფლების საკითხი",- განუცხადა სოფია ჭუმბურიძემ თურქეულ ვებგვერდ "ჰაბერპანთან" საუბრისას.

ამავე პორტალის ცნობით, თურქი ბიზნესმენის ორჰან აქსუს კომპანია "აქსმშენმა" საქართველოში 20-ზე მეტი სახელმწიფო პროექტი განახორციელა. თუმცა, შემდეგ მას ფინანსური პრობლემები შეუქმნეს იმის გამო, რომ უარი თქვა თანხის გაღებაზე და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე. გლდანის ციხის აშენების შემდეგ მან კუთვნილი 4 750 000 ლარი მოითხოვა, თუმცა ბაჩო ახალაიამ მას უარი უთხრა და იარაღით დაემუქრა. მოგვიანებით, მისი კომპანიებით ფინანსური პოლიცია დაინტერესდა და 1 850 000 დოლარით დააჯარიმეს. ორჰან აქსუ ქრთამის აღებისა და გადასახადების დამალვის გამო დააპატიმრეს და მის მიერვე აშენებულ ციხეში, გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაიყვანეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თურქეთში ვიზიტით იმყოფება და ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს.