“გალსტუკიანი” ჩოჩორი

“გალსტუკიანი” ჩოჩორი

თეატრი და კინო განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები მსახიობები არიან. თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი “პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც გარედან არ ჩანს და მხოლოდ მსახიობებისათვის არის ცნობილი.ქართველი მსახიობები არაორდინალურ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილან.

 

დღევანდელი წერილის მთავარი გმირები ის ოთხფეხა მეგობრები არიან რომლებსაც ბედმა მსახიობების გვერდით გამოჩენა არგუნა.

 

მიხეილ ჭიაურელს ფილმის “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” გადაღებისას გაუჩნდა სურვილი – გიორგი შენგელაიას და სოფიკო ჭიაურელის სიყვარულის გამჟღავნებისას გადაეღო სახედარი, რომელიც უარყოფის ნიშნად, თავს გააქნევდა.

 

რამდენიმე დღის შემდეგ გადამღები ჯგუფის წევრები მის მშობლიურ სოფელ დიღომში ჩავიდნენ. თანასოფლელებმა კი უპასუხეს: “აბა, ვირს თავი როგორ გავაქნევინოთო”. ბოლოს თქვეს: “ტიღოს დავუძახოთ, ეშმაკი კაცია, იქნებ, მოიფიქროს რამეო”. ტიღომ კარგად მოუსმინა მიხეილ ჭიაურელს და თქვა: “ჰო, შეიძლება, მაგრამ ფულს თქვენ ვირის პატრონს მისცემთ და მე ტყუილად რატომ გავისარჯო?”

 

- არა, ტიღო, ფულს შენც მოგცემთ და ვირის პატრონსაც.

 

სულ მალე ტიღოც და ვირიც გადასაღებ მოედანზე გამოცხადდნენ. ტიღომ მოიტანა რეზინის მილი და ძაბრი ჩამოაცვა. როდესაც ოპერატორმა დაიძახა – “მოტორ!” უეცრად ჩაბერა ძაბრს და ყურნატკენმა სახედარმა თავის ქნევა დაიწყო. ისე კარგად შეასრულა ყველაფერი, რომ დუბლის გადაღება აღარც დასჭირვებიათ.

 

მსახიობი ბადრი ბეგალიშვილი იხსენებდა:

“ჩირიკი და ჩიკოტელა” ხომ გინახავთ? ამ ფილმს კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ვიღებდით. ამ ფილმში არის ასეთი ეპიზოდი: ვირი შემიჭამს მეფის მიერ ნაბოძებ “გრაგნილს”, რომელშიც ჩემი მიწის მფლობელობაა ფიქსირებული და თუ ის საბუთი დაიკარგა, მეკარგება მიწა, ამიტომ გაცოფებულ ვირს ხახაში ვუყოფ ხელს, რომ საბუთი ამოვგლიჯო.

 

ვირი ადგილობრივი მკვიდრისგან დავიქირავეთ. როგორ გავამხილო არ ვიცი, მაგრამ იმ ვირის პატრონს ჩემზე ორჯერ მეტ ფულს უხდიდნენ! არადა, მე და იმ საცოდავმა ვირმა რა მღელვარება განვიცადეთ და გავიარეთ, მტერს არ ვუსურვებ. არ გინდა ვირს ხახაში ჩათხარო ხელი?! არც ერთი ვირი ამას არ მოითმენდა დედამიწის ზურგზე, იმ ერთის გარდა და ისიც მე შემახვედრა განგებამ.

 

ჯერ იყო და ვერაფრით პირი ვერ გავაღებინეთ იმ მუტრუკს. მოარბენინეს საიდანღაც ვეტექიმი, რომელმაც რაღაც “მიკროკიბე” შეუჩურთა იმ უბედურს ყბებში და დარჩა საწყალი პირგაღებული, ჩვენი ფეხბურთის ნაკრების “გულშემატკივრებივით”.

 

- არიქა, დროზე ბადრი! – მიკივლა ოპერატორმა. “ტაკაც-დუბლი” და გავუქანე ხახაში წაკაპიწებული ხელი.

 

როგორც ხშირად ხდება, კადრი არ გამოვიდა. უნდა გავიმეორო. ხელი ლორწოთი მაქვს გასლიპინებული და მეორე ცდაზე შვლიპინ-შვლიპინით ჩაუსრიალდა მსახიობ ვირს ხახაში.

 

ისევ გაფუჭდა კადრი (ვირმა თვალები რატომ დააფახულაო) და გამიფუჭდა ხასიათი. ამოვაძვრე ეს გაპოხილ-გალორწკილი ხელი, “გავრეცხე” და თხლაშ! საწყალ ვირს ცრემლები გადმოცვივდა და სექსუალურად დაიგრიხა. გავსავათდი, ჩემი ეს უბედურება მხოლოდ მეექვსე კადრის გადაღების შემდეგ დამთავრდა. მე აქეთ გადავვარდი, ვირი რწყევით მოკვდა, ძლივს მოიყვანეს გონზე.

 

მსახიობი გიგოლა თალაკვაძე ერთხელ არაორდინალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა:

 

“ერთ წარმოდგენაში, სცენარის მიხედვით, ძაღლი დამეკარგება და ვარ დამწუხრებული, მაგრამ ბოლოს ეს დამგლოვიარებული, ძაღლდაკარგული ვჯდები სკამზე და ვყვირი, - ჯეკაა! ჯეკაა!

 

ამ წრუპუნ-წრუპუნში ვარ და ზურგზე ბიძგი ვიგრძენი, მოვიხედე და ძაღლი! ნამდვილი მონადირე ძაღლი.

 

- ვაი, დედა! – ვიღრიალე შეშინებულმა.

- უიო! – იქით ძაღლს შეეშინდა და კულისებში კისრისტეხით გავარდა.

 

მაყურებლები კინაღამ სკამებიდან გადმოცვივდნენ, არის პარტერში ხარხარ-გნიასი.

 

თურმე, ნადირობის მოტრფიალე ერთ ჩვენი მსახიობი სანადიროდ ყოფილა და სპექტაკლზე რომ აგვიანდებოდა, იქიდანვე მოსულა თეატრში ძაღლიან-ნანადირევიანად. იმ ძაღლსაც ჯეკა რქმევია, დავუძახე და ისიც მოვიდა.

 

ჯეკას ძაღლის ბედი ჰქონია. როლისთვის მსახიობები თავს იკლავენ და იმან მომენტში დაიადა როლი დიდ სცენაზე”.

 

ეს სახალისო ისტორია კი წინა საუკუნის სამოციან წლებში კომპოზიტორ გურამ ბზვანელს გახდა. ბატონი გურამი მაშინ ვერაზე ცხოვრობდა. ერთ დღეს მისმა მეზობელმა, მხატვარმა გია სურგულაძემ კახეთიდან ჩოჩორი ჩამოიყვანა. რამდენიმე დღეში ნათესავთან იმერეთში აპირებდა გამგზავრებას და ცხოველი მისთვის საჩუქრად უნდა ჩაეყვანა. მეოთხე სართულის აივანზე დაბინავებულმა უწყინარმა პირუტყვმა თავისი გაუთავებელი ყროყინით მთელი სახლი შეაწუხა. მეზობლებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მცხოვრები ეზოიანი ახლობელი მონახეს და ერთი კვირით ვირის მიღება-დაბინავება სთხოვეს. ისიც დათანხმდა და აუცილებელი გახდა ჩოჩორის ახალ მისამართზე ტრანსპორტირების პრობლემის გადაწყვეტა. ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თავად ბატონი გურამი მოგვითხრობს.

 

“პაბედა” კი გვყავდა, მაგრამ ყველანი ვირთან ერთად ვერ ჩავეტეოდით და საჭირო გახდა ტაქსის შოვნა. სამწუხაროდ მძღოლების უმრავლესობამ როგორც გიჟებს ისე შემოგვხედა და პირუტყვის წაყვანაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ბოლოს ერთი ღვთისნიერი ტაქსისტი გამოჩნდა.

 

- რაო, ჩოჩორიო? – ახარხარდა და რა ახარხარდა.

- ჩოჩო, ხახა!!! გამოიყვანე, ერთი, ოთხი წელია კახეთიდან წამოვედი, რამდენი ხანია, ვირი არ მინახავს.

- თანახმა ხართ, ბატონო?

- ოღონდ ერთი პირობით, - მოითქვა სული.

 

იმ პერიოდში თბილისელ ავტობუსისა და ტაქსის მძღოლებს ავალდებულებდნენ, რომ “გალსტუკები” ეტარებინათ. ჩემი თაობის ხალხს ახსოვთ შავი “გალსტუკი”, რეზინა ეკეთა და უკან იკვრებოდა.

 

- ხო -მოიფიქრა ვირმონატრებულმა - “გალსტუკი” უნდა შავაბათ ვირსა, ვირიც კარგი იქნება და წესიც აღარ დაირღვევა. ხოდა, ქალაქს წრე უნდა დავარტყათ, თითქოს ქორწილია, მოდის?

- მოდის, მოდის!

- თქვენი ფული არ მინდა, - მძიმე ხელისგული გლიჯა საჭეს, “გალსტუკს” შავაბამთ და “კრუგზე” წავალთ!

 

ავიტაცეთ ჩოჩორი ხელში, ერთი კი დაიბოყინა და მოგვყვა ნებაზე, ჩავსვით ტაქსში უკანა “სიდენიაზე”.

 

- კაცო, ფანჯარა გააღეთ, ეგრე არ მოვლაპარაკებულვართ, - აწრიალდა მძღოლი, ვირს ჰალტუხი შეაბა კისერზე და ახარხარდა.

 

ვირს მეტი ჭკუა კი არ აქვს, ფანჯარაში არ გაყო თავი? დავიძარით. ვირის შვილი სახით ტროტუარის მხარეზეა. გავედით პლეხანოვზე, დიდი და პატარა ჩვენ გვიყურებს, რა არ უნახავს მრავალჭირნახულ თბილისს, მაგრამ “ინტელიგენტი” ჩოჩორი – არასოდეს.

 

ჯერ ერთი მანქანა ამოგვიდგა უკან, მერე მეორემ მიბაძა, მესამეც ჩადგა რიგში, მეოთხეც და 18-20 მანქანა მოგვყვება სიგნალების წრიპინით.

 

გავიარეთ ყოფილი ბელადის მოედანი ესკორტით. ჩვენი მძღოლი კვდება სიცილით, ცრემლები სცვივა, - ვაა, ვირი რო მყავდეს, ამას რძლად წავიყვან, ჯოო!

 

როგორც იქნა მივაღწიეთ ბორჯომის ქუჩაზე, ვირს “საყელური” შევხსენით და მძღოლს დავუბრუნეთ.

 

- ვაა, ამ ჯორის ნახმარ “გალსტუკს” სუვენირად შავინახამ! – დაგვემშვიდობა და წავიდა.

 

ორი კვირის შემდეგ ჩვენი კეკლუცი “პობედით” ჩავაბრძანეთ სოფელში, ოღონდ ჰალსტუხი აღარ გაგვიკეთებია, შავი სათვალე მოვარგეთ და ამერიკელი ტურისტივით ჩავაბრძანეთ იმერელ მასპინძელთან”.