დიდი ბრიტანეთი ვინილის დისკებს უბრუნდება

დიდი ბრიტანეთი ვინილის დისკებს უბრუნდება

რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში მომქმედმა კომპანიამ “Official Charts Company” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წელს ამ ქვეყანაში დაახლოებით 240 ათასი ვინილის დისკი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლისას 40 პროცენტით აღემატება.

 

ზემოთ დასახელებულმა ფირმამ სპეციალური სტატისტიკური გამოკვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ 2011 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ჯგუფი “Radiohead”-ის ალბომი “The King Of Limbs” და მომღერალი ადელის სტუდიური ჩანაწერი “19” გაიყიდა.

 

გასულ წელს დიდ ბრიტანეთში 234 ათასი ვინილის დისკი გასაღდა. მუსიკალური ჩანაწერების მარკეტინგის სპეციალისტების გამოთვლებით, 2012 წლის დასაწყისამდე “ნისლიან ალბიონზე” 300 ათასამდე ვინილის დისკი გაიყიდება.

 

ვინილის დისკების გაყიდვის სარეკორდო მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში 1975 წელს დაფიქსირდა, როდესაც ადგილობრივმა მელომანებმა 91.6 მილიონი დისკი შეიძინეს. იმ წლის ყველაზე პოპულარული ჩანაწერების პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ელტონ ჯონის ჰიტების კრებული, ჯგუფი Led Zeppelin-ის ალბომი “Physical Grafitti” და Pink Floyd-ის სტუდიური ნაშრომი “Wish You Were Here”.