[ხათუნა გაგნიძე]
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა უკვე დასასრულს უახლოვდება, თუმცა ამ პროცესს შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გადაჰყვეს.
გია ჭანტურიას მიმართ პრეტენზიები უკვე პარლამენტში გაისმა. საპარლამენტო უმცირესობა ჭანტურიას საკონსტიტუციო ცვლილებების არასათანადოდ გაშუქებას საყვედურობს. თუმცა, როგორც საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, ოპოზიციის გარდა ჭანტურიას საქმიანობით უკმაყოფილოა ხელისუფლებაც. ერთ-ერთი ინფორმაციით, მის მიმართ პრეტენზიები კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული აუდიტის შემდეგ გაჩნდა. საუბარია გარკვეულ ფინანსურ დარღვევებსა და უკანონო შესყიდვებზე.
“სასწავლებლად არ მივდივარ. ამ ეტაპზე სწავლა არ მჭირდება და არც პოლიტიკაში წასვლას ვაპირებ, ზოგიერთი ჟურნალისტისგან განსხვავებით” – აცხადებდა რამდენიმე თვის წინ გია ჭანტურია, მაგრამ, როგორც ჩანს, “რაღაც–რაღაცების სწავლა” მას ჯერ კიდევ მოუწევს.
პირველად, გია ჭანტურიას გადადგომის მოთხოვნა სესიაზე ქრისტიან-დემოკრატებმა გაახმოვანეს. მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იყო პირველი არხის მეშვეობით, სპეციალური თოქ-შოუებით, გაეშუქებინა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. ვინაიდან პირველ არხზე მსგავსი თოქ-შოუ თვალით არავის უნახავს, თარგამაძის პარტია მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი საფუძველია იმისთვის, რათა დადგეს გია ჭანტურიას თანამდებობიდან წასვლის საკითხი.
საპარლამენტო ოპოზიციის ბრალდებებს იმავე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ უპასუხა. “პრესა.გე”-სთან საუბრისას, გახელაძე აღნიშნავს, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება ჩაერიოს მაუწყებლის შიდა საქმეებში.
– კანონით, მაუწყებლის შესახებ გენერალური დირექტორის ნდობის საკითხის დაყენება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სამეურვეო საბჭოს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეს გახდეს პოლიტიკური დებატების საგანი.
იღებთ თუ არა ოპონენტების შენიშვნას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არასათანადოდ გააშუქა საკონსტიტუციო განხილვები?
- როგორც ჩანს, ისინი საერთოდ არ უყურებენ ამ არხს. განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში. 17 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, მათ უარი თქვეს სატელევიზიო განხილვებში მონაწილეობაზე და ახლა პრეტენზიები წაუყენო საზოგადოებრივ მაუწყებელს, ცოტა არაკორექტულია.
რეალურად, შუქდებოდა თუ არა თქვენი ეთერით საკონსტიტუციო განხილვები?
- რა თქმა უნდა. მეორე არხის მაყურებელს საშუალება ჰქონდა ეხილა საკონსტიტუციო კომისიის სხდომების უკომენტარო ჩანაწერები. ინტენსიურად შუქდებოდა გასვლითი შეხვედრები რეგიონებში, სადაც კონსტიტუციაზე იყო მსჯელობა. ეს მიდიოდა ყოველგვარი კომენტარის გარეშე, სრულ ფორმატში.
ანუ სამეურვეო საბჭოში ჭანტურიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი არც კი განიხილება?
- არა, მსგავსი არაფერი ხდება.
ლევან გახელაძის ოპტიმიზმის მიუხედავად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გია ჭანტურიას ბედი ზედა ეშელონებში უკვე გადაწყვეტილია. მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათგან ყველაზე რეალური კი პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილია. “პრესა.გე”-სთან ინტერვიუში “ქრისტიან დემოკრატების” წარმომადგებნელი ლევან ვეფხვაძე, ბერძენიშვილს ჭანტურისგან განსხვავებით, პროფესიონალს უწოდებს.
– კონკრეტული კანდიდატურების შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ, ეს სამეურვეო საბჭოს გადასაწყვეტია. მთავარია მოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის ტელევიზია. სხვათა შორის ხათუნა ბერძენიშვილი, გია ჭანტურიასგან განსხვავებით, ნამდვილად პროფესიონალია და კარგად იცის ტელევიზიის სპეციფიკა. იმედი მაქვს, რომ კონკურსი მალე გამოცხადდება. სიმართლე გითხრათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს არ ჰყავს გამოკვეთილი ფავორიტი ამ პოსტზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ გენდირექტორად პროფესიონალი დაინიშნოს.
რა არგუმენტი გაქვთ იმისათვის, რომ ჭანტურიას გათავისუფლებას ითხოვთ?
- უმთავრესი არგუმენტი არის ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მენეჯმენტის სერიოზული პრობლემაა. მენეჯმენტზე კი პასუხისმგებელია გენერალური დირექტორი.
რას გულისხმობთ მენეჯმენტის პრობლემებში?
- ვგულისხმობ იმას, რომ ბიუჯეტიდან მიდის უზარმაზარი თანხა და შემდეგ ეს თანხა იკარგება. შეგახსენებთ თუნდაც იმ მასკარადს, რომელიც გაიმართა ფრანგულ სატელიტთან მიმართებაში. ვგულისხმობ სასამართლო პროცესს და იქ გადაყრილ თანხებს. ამისთვის მინიმუმ თანამდებობრივად უნდა აგოს პასუხი გია ჭანტურიამ. გარდა ამისა, ჩვენ გავაპროტესტეთ ის, რომ პირველმა არხმა ფაქტობრივად არ გააშუქა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი. არ ვგულისხმობ საინფორმაციო გამოშვებებს. პირველ არხზე ამ საკითხთან დაკავშირებით, არ გასულა პოლიტიკური დებატები. არგუმენტი, რომ ამისთვის მეორე არხზე იყო განკუთვნილი საეთერო დრო, სრულიად უსუსურია. შეგახსენებთ, რომ მეორე არხი ფარავს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტს, ამასთანავე იქ არ ყოფილა პოლიტიკური დებატები. ის რაც გადიოდა მეორე არხის ეთერით, ნაკლებად არის პლურალიზმი.
ამიტომ თქვით უარი მეორე არხის ეთერით გესარგებლათ და თქვენი პრეტენზიები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იქ გაგეხმოვანებინათ?
- რა თქმა უნდა. ვიმეორებ, რომ მეორე არხზე განხილვები არ ყოფილა. იქ იყო გამოყოფილი დრო პოლიტიკური პარტიებისთვის, რაც უგემოვნობის პიკია. ვეჭვობ, რომ ეს სპეციალურად კეთდება, რათა არ იყოს ყურებადი ეს არხი. გია ჭანტურიაზე უკეთ ვიცით, რას ნიშნავს ტელევიზია და საზოგადოებრივი ინტერესი. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კრიტიკა არ ეხება საინფორმაციო გამოშვებებს, რაშიც გია ჭანტურია ისედაც ვერ ჩაერეოდა. ჩვენ გავაპროტესტეთ პირველ არხზე თოქ-შოუს არარსებობა, მაშინ როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ხორციელდება