რამდენიმე თვის წინ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა განაცხადა, რომ 2012 წელს ძირითად პროფესიას მიატოვებს და პოლიტიკურ მოღვაწეობას შეუდგება.
მსახიობის პირადმა მენეჯერმა მეტიუ ჰილციკმა, ამერიკული მას-მედიის წარმომადგენლებს მსახიობის გადაწყვეტილების მართებულობა დაუდასტურა და ერთი ახალი ინფორმაციაც გაავრცელა. აღმოჩნდა რომ ბოლდუინი ქალაქ ნიუ-იორკის მერის თანამდებობისათვის ბრძოლას აპირებს
.
53 წლის ალეკ ბოლდუინი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრია. მსახიობი ამჟამად დაკავებულია კომედიური სერიალის “30 Rock”-ის გადაღებებში. ამ სურათის შემოქმედებით ჯგუფთან კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული და ვადის ამოწურვის შემდეგ მის განახლებას აღარ აპირებს.
ქალაქ ნიუ-იორკის თავკაცის არჩევნები 2013 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას ამ პრესტიჟულ თანამდებობაზე კონგრესმენი ენტონი უეინერი ჰყავდა წამოყენებული. ორიოდე თვის წინ ბატონი ენტონი ერთ არასასიამოვნო ისტორიაში გაეხვა. მას ინტერნეტის დახმარებით მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონების გაცნობა დაუმტკიცდა. სკანდალი გახმაურდა და უიღბლო მექალთანეს საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე უარის თქმა მოუწია.
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით საჭირო გახდა ენტონი უეინერის ახალი ძლიერი კანდიდატით ჩანაცვლება. ალეკ ბოლდუინის სახელიც ამის შემდეგ ამოტივდივდა.
თავად მსახიობი კმაყოფილებას არ მალავს და მზად არის ნიუ-იორკის მერის წინასაარჩევნო პერიპეტიებში ჩასაბმელად.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბოლდუინი მაგისტრატურაში აპირებს მოწყობას, რისთვისაც უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას ორ უნივერსიტეტთან.
“უნივერსიტეტი დამეხმარება უკეთ გავიგო, რა სამუშაო იქნება ეს. რას წარმოადგენს სინამდვილეში საქალაქო გაერთიანებები, კონტრაქტები, შეთანხმებები, ინფრასტრუქტურა და დეცენტრალიზაცია.” – განაცხადა მსახიობმა.
ალეკ ბოლდუინმა ისიც აღნიშნა, რომ მას სხვა შტატებშიც შესთავაზეს არჩევნებზე კენჭისყრა, მაგრამ უარი განაცხადა, რადგან მარტო თავის მშობლიურ ქალაქს სურს ემსახუროს.