ირაკლი ღარიბაშვილი - შსს დაბალ კრიმინოგენულ სიტუაციას ინარჩუნებს

ირაკლი ღარიბაშვილი - შსს დაბალ კრიმინოგენულ სიტუაციას ინარჩუნებს

შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამნისტიის უპრეცედენტო მასშტაბების მიუხედავად, სამინისტრო დაბალ კრიმინოგენულ სიტუაციას ინარჩუნებს.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" შს სამინისტროს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"მიუხედავად უპრეცედენტო შეწყალებისა და განხორციელებული ამნისტიისა, სამინისტრომ შეინარჩუნა დაბალი კრიმინოგენული სიტუაცია და კიდევ უფრო აძლიერებს ამ კუთხით მუშაობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით შს სამინისტრო არის უსაფრთხოების გარანტი და საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფას არ დაუშვებს.

რაც შეეხება უშუალოდ უწყების განვითარების მოკლევადიანი სტატეგიის პრეზენტაციას, ღარიბაშვილის განმარტებით, სტრატეგია მნიშვნელოვანი დოკუმენტია რომლის შსს-მ დასავლელი მეგობრების რეკომენდაციები გაითვალისწინა.

"გასულ კვირას, ვაშინგტონში ჩემი სამუშაო ვიზიტის დროს, ეს სტრატეგია პარტნიორებს გავაცანი. ამერიკელმა პარტნიორებმა მას მხარი დაუჭირეს და მისი განხორციელების გზაზე მხარდაჭერა აღვგიქვეს. ვსარგებლობ შემთხვევით და სამინისტროს სახელით მინდა მადლობა გადავუხადო მათ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

2013 წლის შსს განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტებია: სისტემის დეპოლიტიზება, ადამიანის უფლებების დაცვა, რესტრუქტურიზაცია, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, პოლიციელებისთვის ქცევის წესების რეგლამენტაცია, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ჩამოყალიბება და სხვა.

ასევე, როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, სტრატეგიის მიზანია, შსს სისტემის ცალკეულ სფეროში საჭიროებების დადგენა, მიზნების განსაზღვრა და მათი მიღწევისთვის ოპტიმალური საშუალებების შემუშავება. მისივე განმარტებით, ამ თვალსაზრისით სტრატეგიაში გამოყოფილია შემდეგი მნიშვნელოვანი სფეროები: საგზაო და სასაზღვრო უსაფრთხოება, საგანგებო სიტუაციების პრევენცია და ეფექტური მართვა (მათ შორის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება), მიგრაციული პროცესების მართვა, ნარკოდანაშაულის, ტრეფიკინგის, კორუფციის, კორუფციის, ტერორიზმისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

პრეზენტაციას დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.