კრემლს საქართველოში ჟურნალისტების ჩანერგვა სურს

კრემლს საქართველოში ჟურნალისტების ჩანერგვა სურს

საქართველოს სამოქალაქო სექტორის ნაწილი სასტუმრო "ამბასადორთან" რუსი ჟურნალისტებისა და ექსპერტების თბილისში ჩამოსვლას აპროტესტებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ეკა ექიზაშვილმა განაცხადა, რუსეთს "ახლა სურს კრემლის ჟურნალისტები ჩანერგოს საქართველოში" და მიზნებს უკვე მათი საშუალებით მიაღწიონ, რაც ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.

საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვის განცხადებით, შეუძლებელია, რუსმა ჟურნალისტებმა ქართველ ჟურნალისტებს რაიმე ასწავლონ.

"რუსმა ჟურნალისტებმა რა უნდა ასწავლონ ქართველ ჟურნალისტებს და რა უნდა უთხრან თავისუფალი სიტყვის შესახებ მაშინ, როდესაც რუსეთში თავად ჟურნალისტებს თავისუფალი სიტყვისთვის კლავენ. ისე გამოდის, რომ რუსები ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა ქართველებს ხინკლის კეთება ასწავლონ. ეს ხომ აბსურდია", - განაცხადა პანფილოვმა.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსფარანტები და პლაკატები. ერთ-ერთ პლაკატზე გამოსახულია ანა პოლიტკოვსკაია რუსული წარწერით:"მოკლულია 2006 წლის 7 ოქტომბერს".
როგორც ცნობილია, საქართველოში იმყოფებიან რუსი პოლიტოლოგები და ჟურნალისტები. მათ შორს ნიკოლაი სილაევი, ანდრეი სუშენცოვი, ფიოდორ ლუკიანოვი და სერგეი მიხეევი.

ისინი კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობენ, რომელზეც რუსი პოლიტოლოგების, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების, ფეოდორ ლუკიანოვისა და ანდრეი სუშენცოვის მოხსენებების პრეზენტაცია გაიმართება.

კონფერენციის თემაა - "საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ და რუსულ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივები".