ეკა ბესელია - პოლიციის დეპოლიტიზება სახეზეა

ეკა ბესელია - პოლიციის დეპოლიტიზება სახეზეა

პოლიციის დეპოლიტიზება, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი დანაპირები იყო, სახეზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ შს სამინისტროს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა. მისივე განმარტებით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით პოლიცია უკვე მოქალაქეების უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. 

"მე ვიცნობ ამ კონცეფციას, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც შს სამინისტროს შეუქმია, პოლიციის ეთიკის კოდექსის შემდეგ, ვფიქრობ, მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია, რადგან პოლიციის დეპოლიტიზება, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი დანაპირები იყო, სახეზეა. დღეს ჩვენ გვაყვს პოლიცია, რომელიც სრულადაა ორიენტირებული მოქალაქეების უფლებებისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვაზე და შეგვიძლია ამ მხრივ მშვიდად ვიყოთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ყოფილ მთავრობას ურჩევს, კარგად გაეცნოს როგორც ამ დოკუმენტს, ისე პოლიციის ეთიკის კოდექსს.
"ამ დოკუმენტების გაცნობის შემდეგ ისინი ნახავენ, რომ დღეს ჩვენ გვყავს შსს, რომელიც მთავარ ფუნქციას ასრულებს, ის პოლიტიკურ დავალებას და პოლიტიკურ დაკვეთას კი არ ემსახურება, არამედ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაზეა ორიენტირებული", - აღნიშნა ბესელიამ.

შს სამინისტროს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ამ წუთებში იწყება. მას უშუალოდ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.