ბიძინა ივანიშვილი 100 დღის განმავლობაში მთავრობის საქმიანობაზე ანგარიშით ხვალ წარდგება

ბიძინა ივანიშვილი 100 დღის განმავლობაში მთავრობის საქმიანობაზე ანგარიშით ხვალ წარდგება

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ საზოგადოებას გასული 100 დღის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე ივანიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაციას გამართავს.

"პრემიერ-მინისტრი აპირებს ანგარიშით წარდგეს მთავრობის მიერ გასული 100 დღის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შესახებ. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იქნება. ისაუბრებს ყველა იმ შედეგებზე, რომელიც ამ დროის განმავლობაში იყო მიღწეული", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე განმარტებით, ახალი მთავრობის სამთვიანი მუშაობის პერიოდი შედეგების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

"მოსახლეობა კარგად დაინახავს, რომ ეს 100 დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო შედეგების თვალსაზრისით, თუმცა ყველაფერი წინ გვაქვს. ჩვენ ძალიან მცირე დროში შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება. პირველ რიგში, შევინარჩუნეთ ქვეყანაში ვითარება, რომლითაც შესაძლებელია ვილაპარაკოთ რეალურად დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაზე, მთავარი ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზებაზე. ამასთან, ახალი მთავრობა ორიენტირებულია ახალი ბიუჯეტის შესრულებაზე და ჩვენი მოსახლეობა მცირე ხანში იგრძნობს, რას ნიშნავს სიკეთე, რომელიც მათ რეალობად ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ექცათ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის განვითარების სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.