გიორგი ღვინიაშვილი პროკურორებს პარლამენტში იბარებს

გიორგი ღვინიაშვილი პროკურორებს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს, თუმცა მზად არის, გამომძიებელთა შეკითხვებს პარლამენტში უპასუხოს. 

როგორც ღვინიაშვილმა განაცხადა, დეპუტატებს თავიანთი საქმე აქვთ და პროკურატურაში ვერ გამოცხადდებიან.

"მომავალი კვირა არის სასესიო კვირა. მობრძანდნენ პარლამენტში და მზად ვარ, მათთვის საინტერესო ყველა კითხვას ვუპასუხო", - აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა კახეთის ყოფილ გუბერნატორს, პარლამენტის წევრს, გიორგი ღვინიაშვილს ამირან(ბუტა) რობაქიძის საქმეზე დასაკითხად მოწმის სტატუსით იბარებს.
"საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით (მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით) მოწმის სახით ჩვენების მისაცემად მოიწვია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი.

ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების (ირაკლი მიქაბერიძის, კახაბერ აზარიაშვილის, ლევან დანგაძის, აკაკი ბართაიას და გიორგი ქურდაძის ) მიმართ პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით გამოძიებას აწარმოებდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა და თბილისის პროკურატურა. გიორგი ღვინიაშვილი თბილისის პროკურორი იყო 2004 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ჩათვლით.

საქართველოს მთავარ პროკურატურას, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კითხვები აქვს გიორგი ღვინიაშვილთან, როგორც ამ გახმაურებული და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელთან", - აღნიშნულია განცხადებაში.