"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონულ ორგანიზაციაში დაპირისპირებაა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონულ ორგანიზაციაში დაპირისპირებაა. გორში ხვალ, 12:00 საათისთვის პარტიის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენციის ჩატარებაა დაგეგმილი, დღეს კი კოალიციის წევრთა ერთმა ჯგუფმა ტელეკომპანია "თრიალეთის" საკონფერენციო დარბაზში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. მათი განცხადებით, ხდება დამფუძნებლების იგნორირება და იმ ადამიანებს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდგომაც, კონფერენციაზე დასწრების საშუალება დელეგატის მანდატითაც კი არ ეძლევათ.

ადვოკატი და პარტიის ერთ-ერთი წევრი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ არასამართლებრივი წესით ხდება პარტიაში ადამიანების გაწევრიანება. მისივე თქმით, პარტიის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარინა მეტრეველი პირადი შეხედულებისამებრ არჩევს იმ ადამიანებს, ვინც ხვალინდელ დამფუძნებელ კონფერენციაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
თუმცა, თავად მარინა მეტრეველი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ პარტიაში ყველა იმ ადამიანის გაწევრიანება ხდება, ვისაც სურვილი აქვს და დელეგატებადაც იმ პირთა შერჩევა მოხდა, ვინც მართლაც შეიტანა წვლილი პარტიის საქმიანობაში.

თავის მხრივ დაპირისპირებულ მხარეს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავს, ეს არის ადვოკატი სოსო სოსიაშვილი და მიაჩნია, რომ ის გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებს, ვიდრე მარინა მეტრეველი.