"ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა

"ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის წევრებისა და აქტივისტების ერთმა ნაწილმა დღეს რუსთავში საპროტესტო აქცია გამართა. რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ერთ-ერთ სკვერში ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი სოლიდარობას უცხადებენ "ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის უკვე ყოფილ თავმჯდომარე ალექსანდრე ბერიძეს, რომელმაც დღეს, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შიმშილობა დაიწყო.

აქციის მონაწილეები დავით საგანელიძისგან მოითხოვენ განმარტებას იმ განცხადებაზე, თითქოს კოალიციის რუსთავის ორგანიზაციაში არიან ყოფილი "ნაციონალები" და "ნაციონალებიდან" ჩანერგილი პირები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილემ, "ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის წევრმა ანზორ ხუციშვილმა განუცხადა, დღეს "ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის რამდენიმე წევრი და პირადად ის აპირებს თბილისში ჩასვლას ალექსანდრე ბერიძესთან ერთად შიმშლობის დაწყებას. მათი მოთხოვნაა, დავით საგანელიძემ თავისი სიტყვები უკან წაიღოს. მისივე თქმით, კოალიციის რუსთავის ორგანიზაციის ის წევრები, რომელთა მისამართითაც საგანელიძემ მსგავსი განცხადებები გააკეთა, "ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის დაარსების პირველივე დღიდან აქტიურად იბრძოდნენ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და ის შედეგები, რაც კოალიციამ საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა, სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა.